სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ზურაბ ქარჩავა პოლიციამ უკანონოდ დააკავა და არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა

2022-12-28 14:23
Featured image

28 დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ქარჩავა, პოლიციამ უკანონოდ დააკავა და არ მისცა მშვიდობიანი პროტესტს გამოხატვის შესაძლებლობა. მას სურდა, გაეპროტესტებინა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისათვის უფასო კვების არარსებობა და მთავრობის სახლთან მდებარე სკვერში კარვის განთავსებას გეგმავდა. თავდაპირველად, პოლიციამ, მათივე განმარტებით, გასაუბრების მიზნით იგი გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით, პოლიციამ ზურაბ ქარჩავას შესაძლებლობა მისცა, დაეტოვებინა პოლიციის შენობა, ისე, რომ დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი არ ყოფილა შედგენილი. ამის შემდგომ, ზურაბ ქარჩავა დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც პროტესტის გამოხატვა სურდა და დაიწყო კარვის განთავსება. პროტესტის გამოხატვის მეორე მცდელობის შემდგომ, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა დაკავებისას განუმარტეს, მისი პროტესტი ხელს უშლიდა დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს. თუმცა, ის ადგილი, სადაც მოქალაქე აქციის გამართვას გეგმავდა, საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის ადგილისაგან მოშორებით მდებარეობს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  ყველას [...] აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.[1] შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობასაც. შეკრებები და მანიფესტაციები ხშირად შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ასევე, საზოგადოების უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს შეკრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. 

იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ქარჩავას ქმედებებში არ იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, საია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მოხდა უკანონოდ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს. 

 

 


[1] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21.