სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სტუდია მონიტორმა” და ,,საქართველოს ამბებმა”, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, 2025 წლის 15 მაისს საკონსტიტიციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ,,უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსაგან განსხვავებით წარმოადგენს საერთო სამართლის ქვეყანას. საერთო სამართლის ქვეყნებს ახასიათებს ფართოდ ფორმულირებული ტერმინები, ვინაიდან ამ სამართლებრივ სისტემაში სამართალია ის, რასაც სასამართლო დაადგენს (Marbury v. Madison, 5 U.S. 137 (1803). კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თავად კანონის ტექსტი უნდა იძლეოდეს სამართლებრივი ვალდებულების დადგენის შესაძლებლობას. ჩვენი სისტემა ფუნდამენტურად გამორიცხავს იმგვარი ზოგადი ნორმის მიღების შესაძლებლობას, სადაც კანონმდებლის ფუნქციას მოსამართლე კისრულობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნორმებს, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა ხდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენს სისტემაში ხდება საერთო-სამართლის ინსტიტუტების გადმოღება, არ არის საკმარისი საერთო სამართლის ქვეყნის კანონის თარგმნა. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული საერთო სამართლის ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა. აშშ-ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ მოეთხოვება დონორის აგენტად რეგისტრაცია. კორპორაციები, რომლებიც იღებენ უცხოელი პრინციპალებისაგან ფინანსურ დახმარებას, ისე რომ არ ექვემდებარებიან უცხოური პრინციპალის კონტროლს, არ არიან აგენტები FARA-ს მიზნებისათვის.
საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსარულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსიულებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ FARA-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგენიან სისტემურ წამებას, ამხელენ ,,ქართული ოცნების” ანტი-ევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკებს და სხვა.
,,ქართული ოცნების” ფარას დებულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ქმნის რეალურ საფრთხეს, მოხდეს მისი გამოყენება დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად. ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კანონის ამოქმედებიდან წარმოშობილი მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები. არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა ფორმა, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დასაცავად.
გააზიარე: