GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 თებერვალი, 202613:06

2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2008 წლის ომის 36 საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა. საქმეები ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის უფლებებზე დავას შეეხება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ.


კომუნიკაცია არის პასუხი სასამართლოს შეთავაზებაზე, გამოიყენოს გამარტივებული პროცედურა ხსენებული საქმეების განხილვისთვის. ამ კომუნიკაციაში მომჩივნები ზოგადად თანხმდებიან სასამართლოს მიერ დადგენილი გამარტივებული პროცედურის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქმეების სწრაფ გადაწყვეტას და მსხვერპლთათვის სამართლიანობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეებს ევროპული სასამართლო უკვე 16 წელზე მეტი ხანია იხილავს. ამასთან, ასევე მითითებულია დათქმა და მოთხოვნა, რომ საომარი მოქმედებების 5-დღიან “აქტიურ ფაზაში” (8-12 აგვისტო) მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჩატარდეს ინდივიდუალური შეფასება და დადგინდეს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.


მომჩივნები ეთანხმებიან სასამართლოს მიდგომას კომპენსაციის მინიჭების თაობაზე წინა საქმეების მსგავსად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპენსაცია მაქსიმალურად უნდა ასახავდეს მიყენებულ რეალურ ზიანს. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 16 მარტიდან აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და, როგორც უახლესმა პრაქტიკამ აჩვენა, არ არსებობს მის მიერ ვალდებულებების შესრულების რეალური პერსპექტივა, მომჩივნები ითხოვენ, რომ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე უკრაინის ომთან დაკავშირებით შექმნილი ყოვლისმომცველი საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის მსგავსი საშუალების შექმნაზე მიუთითოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის.


საია მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკომპენსაციო მექანიზმი იქნება ერთადერთი საშუალება, რომლითაც მოხერხდება კომპენსაციების უზრუნველყოფა დაზარალებულთათვის. ამ კუთხით, 2024 წლის 26 იანვარს საიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.


აღსანიშნავია, რომ საიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში 53 საჩივარი წარადგინა, სადაც საია 400-მდე პირის ინტერესებს იცავს. დღეის მდგომარეობით, ევროპული სასამართლოს მიერ მოცემულ საჩივრებს მინიჭებული აქვს შესაბამისი სახელწოდება და სარეგისტრაციო ნომერი, ზოგიერთ მათგანზე გამოსულია გადაწყვეტილებაც.


საია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია აქტიურად იცავს.

სხვა სიახლეები