სიახლეები

2026 წლის 3 ივლისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში „კომისარი“) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და საიას აღნიშნული ინფორმაცია აცნობა.
ამ საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში საიამ დაიწყო 2025 წელს 6 მომჩივნის სახელით, სამი ორგანიზაციისა და მათი ხელმძღვანელი ფიზიკური პირების სახელით. მომჩივნები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული კანონი - უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (ქართული FARA) სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კერძოდ, საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
ხაზგასასმელია, რომ კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმეში, რომელიც ეხება რუსულ კანონს. ამ საქმის ფარგლებში ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში კომისარმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ “უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის კანონზე”, არამედ სხვა კანონებზეც, მათ შორის, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზეც” (FARA). კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აიძულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ანდა „უცხოური პრინციპალის აგენტები“, რაც, კომისრის შეფასებით, ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით. კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან — მათ შორის, მათი წარმოჩენით „სახელმწიფოს მტრებად“ (ან ქართველი ხალხის მტრებად) და მათი დაფინანსების წყაროებზე მუდმივი აპელირებით, როგორც დაბრკოლებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ საზოგადოებაში მიუკერძოებელი დამკვირვებლის (უშუალოდ სადარაჯო/საზედამხედველო ორგანიზაციის — watchdog) როლის შესრულებას.
აღსანიშნავია, 2026 წლის 2 თებერვალს კომისარმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო 2026 წელს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონსა და სხვა აქტებში. კომისარი კვლავ აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები სამოქალაქო სექტორის საქმიანობას ზღუდავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც აფერხებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ ფუნქციონირებას.
ევროპულმა სასამართლომ კომისარს პოზიციის წარსადგენად განუსაზღვრა ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე.
საია აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ კანონებთან დაკავშირებულ სტრატეგიულ სამართალწარმოებას და პერიოდულად საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
1 Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 15763/25, იხ: https://hudoc.echr.coe.int/#{%22fulltext%22:[%22Georgia%20Young%22],%22itemid%22:[%22001-249837%22
2 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სტუდია მონიტორი; საქართველოს ამბები; ნონა ქურდოვანიძე; ნინო ზურიაშვილი და გელა მთივლიშვილი.
3 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო განიხილავს 136 ორგანიზაციისა და 4 პირის ერთობლივი საჩივრს ე.წ. „რუსულ კანონთან“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დაკავშირებით. Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24, იხ: https://hudoc.echr.coe.int/#%7B%22itemid%22:[%22001-242877%22]%7D
4 Third party intervention by the Commissioner for Human Rights of the Council of Europe on Application no. 31069/24 Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, იხ: https://rm.coe.int/third-party-intervention-gyla-and-others-v-georgia-by-michael-o-flaher/488028de74
5 CoE, Georgian Parliament should reject amendments stifling civil society, 02.02.2026, available at: https://www.coe.int/en/web/commissioner/-/georgian-parliament-should-reject-amendments-stifling-civil-society
გააზიარე: