სიახლეები
საიამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, UPR-ის სამუშაო ჯგუფს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორი ანგარიში წარუდგინა, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომელიც გაეროს თითოეული წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს, ყოველ 4.5 წელიწადში ერთხელ.1 ეს მექანიზმი დაარსდა 2006 წლის მარტში გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 60/251 და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვას თითოეულ ქვეყანაში.2 გაეროს გენერალური ანსამბლეის 60/251 რეზოლუცია ასევე განამტკიცებს UPR-ის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.3
2008 წელს განხორციელებული პირველი პერიოდული მიმოხილვის შემდეგ, გაეროს წევრი ყველა, 193 ქვეყანა 3-ჯერ შეფასდა. ამჟამად UPR-ის მე-4 ციკლი მიმდინარეობს.4
საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად5 UPR-ის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა ანგარიში, რომელიც 2025 წლის მაისის თვეში მომზადდა და ძირითადად ეყრდნობა 14 მაისს, 11 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტირების ანგარიშის მიგნებებს.6
UPR-ის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს UPR-ის წინა ციკლის შემდგომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მიღებული რელევანტური რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. მასში განხილულია ფუნდამენტური უფლებების - შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მასობრივი დარღვევა, მათ შორის რეპრესიული კანონებით და საპოლიციო ძალადობით.
ანგარიში ასევე შეეხება 2024 წლის ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ და მასობრივ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რისი ეფექტიანი გამოძიებაც არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ხოლო სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმები აქტიურად გამოიყენება როგორც დაშინების და რეპრესიის ინსტრუმენტი.
ანგარიში ასევე შეეხება ქვეყანაში უფლებადამცველთა უფლებების და მედიის თავისუფლების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობას: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები და მედიის წარმომადგენლები რეპრესიული კანონების, დევნის და დისკრედიტაციის კამპანიების, სამიზნეები ხდებიან.
ანგარიში აფასებს თანასწორობის უფლების დარღვევებსაც: ქართული ოცნება აქტიურად ახალისებს დისკრიმინაციას სიძულვილის შემცველი ნარატივების გავრცელებით, მათზე დაფუძნებული საკანონმდებლო ინიციატივებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართულობისკენ მიმართულ მექანიზმებზე შეტევით და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მასობრივი, დისკრიმინაციული დათხოვნით.
გარდა ამისა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT), წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან (IRCT), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციასთან (OMCT) და Omega Research Foundation-თან ერთად, საიამ UPR-ის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა კიდევ ერთი ანგარიში. ანგარიში მომზადდა 2025 წლის მაისში და შეეხება 2024 წელს საპროტესტო აქციების საპასუხოდ ადამიანის უფლებები მძიმე და მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, არასათანადო მოპყრობასა და წამებას, მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დარბევებს, აქტიური სპეციალური საშუალებების კანონსაწინააღმდეგო გამოყენებას, უსაფუძვლო დაკავებებეს და ჟურნალისტებზე ძალადობას.
ანგარიშებში განხილული უფლებადარღვევები ცხადყოფს საქართველოში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ უგულებელყოფას.
იხილეთ ანგარიში - GEORGIA:CIVIL SOCIETY ORGANIZATIONS’ JOINT SUBMISSION TO THE 51th SESSIONOF THE UPR WORKING GROUP
იხილეთ ანგარიში - Joint Stakeholders Report for the United Nations Universal Periodic Review 51th Session:Repression and torture in the context of protests in Georgia
1 იხილეთ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ვებგვერდი, https://www.ohchr.org/en/hr-bodies/upr/basic-facts, [12.06.2025]
2 გაეროს ეგენრალური ანსამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუცია A/RES/60/251, https://documents.un.org/doc/undoc/gen/n05/502/66/pdf/n0550266.pdf, [12.06.2025].
3 გაეროს ეგენრალური ანსამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუცია A/RES/60/251, § 5(h), https://documents.un.org/doc/undoc/gen/n05/502/66/pdf/n0550266.pdf, [12.06.2025].
4 იხილეთ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ვებგვერდი, https://www.ohchr.org/en/hr-bodies/upr/basic-facts, [12.06.2025].
5 Human Rights House Foundation (HRHF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო (RG); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი (WISG) ; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
6 საია, SJC, PHR, DRI, GDI, GCRT, HRD, RG, ISFED, IDFI, WISG, ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 2024 წლის 28 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვალი, https://gyla.ge/post/tsameba-da-araadamianurimopkroba-saerto-gancxadeba, [12.06.2025].
გააზიარე: