GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 ივნისი, 202609:12

ქართული ოცნება პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომელთა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზეც საიამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება. ამ საკითხს ახალ სიმწვავეს სძენს Algorithmwatch-ის მიერ 2026 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთებას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და აჩენს ახალ შეკითხვებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 


Algorithmwatch-ის გამოძიების შინაარსი 


Algorithmwatch გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების  ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებთან და სამართლიანობასთან ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების შესაბამისობის საკითხზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანიის, Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის მიზედვით, Pappilon AO დასანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიის და აშშ-ს მიერ, მის პროდუქტებს ძირითადად რუსეთი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები იყენებენ და მას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების სამსახურთან (FSB-სთან). 


ორგანიზაციის მიხედვით, სათვალთვალო სისტემა ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა და ბოლოს ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. შსს-ს მიერ შეძენილი უახლესი განახლება, Polyface 3.7.0, 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა სამინისტროს. Polyface ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning recognition algorithm), რომელიც შეიმუშავა ნოვოსიბირსკში დაფუძნებულმა და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ დაფინანსებულმა ხელოვნური ინტელექტის რუსულმა კომპანიამ 3DiVi-მ.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ პირდაპირ მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორთა შეუზღუდავი რაოდენობისთვის. მანამდე, 2025 წლამდე, სისტემა ერთდროულად მაქსიმუმ 30 ოპერატორის მუშაობას უჭერდა მხარს. ეს ცვლილება მიუთითებს სამინისტროს მზარდ საჭიროებაზე, აკონტროლოს უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები.


Algorithmwatch-ის მიხედვით, სახეების იდენტიფიცირებისთვის სისტემა იყენებს ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც სამოქალაქო რეესტრში დაცულ ფოტოსურათებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროგრამას ასევე შეუძლია შედარება წინასწარ ატვირთულ ფოტოებთან, მათ შორის სოციალური მედიისა და სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ გამოსახულებებთან. პუბლიკაციის მიხედვით, ეს ფუნქცია სამინისტრომ 2024 წელს მოითხოვა, რაც მიუთითებს, რომ სხვადასხვა პლატფორმიდან მონაცემების გამოყენებით ზედამხედველობა სისტემის ერთ-ერთ მიზნობრივ ფუნქციად იყო გათვალისწინებული.


ორგანიზაციის შეფასებით, პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა გამოიყენებოდეს სამი ძირითადი გზით:


  • ავტომატური იდენტიფიკაცია – Polyface რეალურ დროში ამუშავებს კამერის ვიდეონაკადს, ხალხში არჩევს თითოეულ იდენტიფიცირებად სახეს და რამდენიმე წამით აჩერებს ეკრანზე, რაც საკმარისია პირის იდენტიფიკაციისთვის გამოსახულების გადასაღებად. ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად გადადის შემდეგ სახეზე. პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, კამერის ადამიანის მიერ მართვის გარეშე.

  • ოპერატორის მიერ მართული ძიება – თანამშრომელი ხელით იღებს კამერის მართვას, მიმართავს მას კონკრეტული პირისკენ, ადიდებს გამოსახულებას და რეალურ დროში ადარებს ამ პირის სახეს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას. 2018 წლის ხელშეკრულებით ამ ფუნქციის ერთდროულად გამოყენება 30 თანამშრომელს შეეძლო, ხოლო 2024 წლის ხელშეკრულებით ეს შეზღუდვა გაუქმდა.

  • საკონტროლო სიის (watchlist) შეტყობინებები – სისტემაში წინასწარ იტვირთება ინტერესის მქონე პირთა სია, მაგალითად, აქტივისტები, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, ადრე დაჯარიმებული დემონსტრანტები ან პირები, რომლებიც წინა ოპერატიულ ღონისძიებებში იყვნენ იდენტიფიცირებულნი. როდესაც კამერა ამ სიაში მყოფ პირს აფიქსირებს, Polyface დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამის შეტყობინებას. ეს ფუნქცია სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო მისი თავდაპირველი, 2013 წლის შესყიდვის დროიდანვე.


სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემურობა საქართველოში


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე წელიწადზე მეტია საუბრობს საქართველოში შეკრებების წინააღმდეგ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე, მათ შორის, სათვალთვალო კამერების სავარაუდო სახის ამომცნობი ფუნქციების პრობლემურობაზე. ხაზი უნდა გაესვას, რომ ქართული ოცნების მიერ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა მანამდეც, სანამ რუსეთის უშიშროების სამსახურებთან ამ ტექნოლოგიების სავარაუდო კავშირის შესახებ გახდებოდა ცნობილი. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2025 წლის 10 თებერვალს მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გამოეკვლია და შეესწავლა კამერის მონაცემების გამოყენებისა და დამუშავების კანონიერება.


ამასთან, საიამ 2025 წლის 12 მარტს საზოგადოებას აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საიასთვის ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ვიდეოების დამუშავებისას კონკრეტული ადამიანების მიზნობრივი მეთვალყურეობის/თვალთვალის შესახებ. კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით ჰქონდა წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლაივ რეჟიმში. ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოვებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივ რეჟიმში. ეს გვაძლევს  ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან. ამასთან დაკავშირებით, საიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეესწავლა აღნიშნული ფაქტი და მოეხდინა მასზე ეფექტიანი რეაგირება.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია 


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ, 2026 წლის 13 თებერვლის წერილით, საიასთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამსახურის უფროსის 2025 წლის 18 თებერვლის N8/0204-2025 და №ბ/0203-2025 ბრძანებების საფუძველზე დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაგეგმური შემოწმება (იწსპექტირება), 122-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებისა და შსს-ს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში.


„112“-ის არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, იმის შესაფასებლად, კონკრეტული ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია თუ არა ტექნიკურად დამუშავდეს ბიომეტრიული მოწაცემები ან/და ხომ არ ნიშნავს ბიომეტრიულ დამუშავებას კამერის რომელიმე, მათ შორის, სახის დეტექციის ფუნქცია, სამსახურის უფროსის 2025 წლის 17 აპრილის №ბ/0404–2025 ბრძანებით, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა.


სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 19 ივნისის კომპიუტერული ექსპერტიზის №003406925 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი "dahua TECHNOLOGY“-ს წარმოების სამი ცალი ვიდეოკამერის ტექნიკური დოკუმენტაციის და კონფიგურაციის პარამეტრების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანს არ გააჩნია ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ფუნქცია, კერძოდ, აღნიშნულ კამერების სახის დეტექციის (Face detection) ფუნქცია გულისხმობს ვიდეო გამოსახულებაში ადამიანის სახის აღმოჩენას და არა ადამიანის იდენტიფიცირებას (სახის ბიომეტრიული მონაცემების ანალიზსა და დამუშავებას ადამიანის ვინაობის დადგენის მიზნით). ამასთან, კამერების ე.წ. „ლოგ-ჩანაწერების“ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 01 დეკემბრიდან შემოწმების მომენტამდე კამერებს სახის დეტექციის (Face detection) ფუნქცია არ ჰქონდათ გააქტიურებული (ჩართული).” 


ზემოაღნიშნულიდან გამომდიწარე, სამსახურის შეფასებით, არ გამოიკვეთა „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების ფაქტი. 


რაც შეეხება შსს-ს არაგეგმიურ შემოწმებას, სამსახურმა არ დადგინდა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 


სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცესში პირთა იდენტიფიკაციის მიზნით, სამინისტრო 2021 წლის 7 დეკემბრიდან ვებპორტალის ერთ-ერთი მოდულის, პროგრამის მეშვეობით ამუშავებს სავარაუდო სამართალდარღვევის განმახორციელებელ პირთა ბიომეტრიულ მონაცემებს. სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი პროგრამაში ტვირთავს სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტის ფოტოსურათს, რის შემდეგაც პროგრამა გამოთვლის სახის ბიომეტრიულ მახასიათებლებს და შესადარებელ ფოტომასალასთან შედარების შედეგებს უჩვენებს ადმინისტრსციული სამართალწარმოების წარმმართველ პირს.


სამსახურმა განმარტა, რომ  სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ბიომეტრიულ მონაცემებს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლებისა და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ამუშავებს. მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამსახურმა განმარტა, რომ პროგრამაზე დაშვების უფლება პირებს ენიჭებათ მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან და მათთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელებისა და შსს-ს მოადგილის თანხმობის შემთხვევაში.


სამსახურის ინფორმაციით, პროგრამაში ავტორიზაციის შემდგომ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ფოტოსურათის ატვირთვა და მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების შესაბამისად გამოტანილი შედეგების დათვალიერება. ამასთან, პროგრამა უზრუნველყოფს მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას: სისტემაში შესვლა/გასვლა, ფოტოს ატვირთვა და მის საფუძველზე ძებნა, მოძიებული შედეგის დათვალიერება. აღნიშნული მონაცემები, მათ შორის, პროგრამის მიერ შემოთავაზებული სავარაუდო კანდიდატების ვინაობის თაობაზე იწფორმაცია ე.წ. ლოგ ჩანაწერის სახით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე–2 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 2.3 და 2.14 პუნქტების საფუძველზე, ინახება 5 წელი, დაარქივების ვადაც ასევე, 5 (ხუთი) წელია.


სამსახურმა შსს-ს დაავალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 4 თვის ვადაში ზრუნველყოს წერილობითი დოკუმენტის შემუშავება, რომლითაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთობლიობაში აისახება ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების მიზანი და მოცულობა, ამ მონაცემთა შენახვის ვადა, მათი შეწახვისა და განადგურების წესი და პირობები, აგრეთვე მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.


პესონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ იღებს მხედველობაში სამეთვალყურეო მონაცემების მიზანმიმართულ და მასობრივ გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ. იგი იმეორებს შსს-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ  “პროგრამის საშუალებით პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელება სრულად ავტომატიზებულად არ ხდება, მისი მეშვეობით არ მუშავდება დიდი რაოდეწობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, არ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტთა ქცევის სისტემატური და მასშტაბური მონიტორინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,” ისე, რომ საპასუხოდ არ იღებს მხედველობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტში ამ საშუალებათა გამოყენების მასშტაბს. 


ამასთან, Algorithmwatch-ის გამოძიება ზრდის ეჭვებს სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ 112-ის მიერ გამოყენებული კამერები ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ფუნქცია არ გააჩნია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ დასკვნას სარწმუნოდ მივიჩნევთ, Algorithmwatch-ის გამოძიება ახალ კითხვებს წარმოშობს, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები დაცული რუსეთის ფედერაციისათვის მათი უკანონო გადაცემისაგან და ამ საკითხის ობიექტურ მოკვლევას საჭიროებს.


ბიომეტრიული ტექნოლოგიის გავლენა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე


2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლს  ახალი მე-4 ქვეპუნქტი  დაემატა, რომლის თანახმადაც, ფოტოსურათით ან ვიდეოჩანაწერით დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და მასზე რეაგირების, აგრეთვე სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირების (მათ შორის სპეციალური პროგრამის გამოყენებით) პროცედურები და პირობები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს. ამ ნორმის შეფასებისას, ეუთო ოდირმა სახელმწიფოს მოუწოდა, სრულად გადახედილოყო აღნიშნული ნორმა, რომელიც ასეთი საშუალებების გამოყენებას შედარებით ნაკლებად მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კონტექსტში ითვალისწინებს. ეუთო ოდირი თავის შეფასებაში ხაზს უსვამს, რომ პირების იდენტიფიცირების მიზნით ციფრული გამოსახულებების გადაღება და შენახვა, როდესაც ისინი კანონიერ საქმიანობას ეწევიან, ან ასეთი გამოსახულებებიდან მიღებული მონაცემების (მაგალითად, კონკრეტული პირის შეკრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია) მუდმივ ან სისტემურ ბაზაში შენახვა არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და პერსონალური მონაცემების დაცვის იმ სტანდარტებს, რომლებიც მონაცემთა მინიმიზაციისა და მათი შენახვის შეზღუდვას მოითხოვს.  კანონებსა და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკაში  საჭიროა მკაფიოდ იყოს გაწერილი საზოგადოებრივ შეკრებებზე ციფრული ჩანაწერების წარმოებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურები.


ეუთო ოდირის ამავე შეფასების მიხედვით, სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ სახის ამომცნობი და სხვა ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოყენებისგან მათ მიმართ, ვინც მშვიდობიანად მონაწილეობს შეკრებებში. ოდირის თანახმად, უნდა არსებობდეს მძლავრი, ადამიანის უფლებებთან შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ეფექტიანად დაიცავს პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის, სახის გამოსახულების და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტექსტში. კონკრეტულად კი, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, გაიგონ, მოიპოვეს და შეინახეს თუ არა მათ შესახებ ინფორმაცია და რა ტიპის ინფორმაციაა ეს.  მათ ასევე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, გაასაჩივრონ მათი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და დამუშავება.


ზოგადად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების პრობლემურობაზე და ადმიანის უფლებებთან შეუთავსებლობაზე სხვადასხვა კონტექსტში მიუთითებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ისე რეპუტაციული საერთაშრისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებები.


ყოველივე ამის ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ძლიერი გარანტიებისა, საქართველოში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვები გამოყენებული სათვალთვალო ტექნოლოგიების ფუნქციების, შესაძლებლობების და მათი გამოყენების მეთოდების შესახებ. 


Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების შედეგად გაჩენილი ახალი შეკითხვები


Algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება კიდევ უფრო აღრმავებს ისედაც არსებულ შეშფოთებას მშვიდოებიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ მიზანმიმართული და არალეგიტიმური მეთვალყურეობის შესახებ. გარდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა პერადი ცხოვრების უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების უხეში დარღვევისა, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიუთითებს ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში სენსიტიური ინფორმაციის მოხვედრის რისკზე. 


სახელმწიფო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 თავის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები მესამე სახელმწიფოს ხელში უკანონოდ არ მოხვდეს და უზრუნველყოფდეს პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გაცემის პროცესში მკაცრად განსაზღვრული საფუძვლებისა და უსაფრთხოების გარანტიების დაცვას. ამის ნაცვლად, შესაძლოა, სახელმწიფო უშიშროების სფეროში FSB-სთან დაკავშირებულ კომპანიასთან თანამშრომლობით თავად უწყობდეს ხელს საქართველოს მოქალაქეების სენსიტიური პერსონალური მონაცემების იმ სახელმწიფოს ხელში მოხვერას, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რომელშიც ადამიანის უფლებები სრულად უგულებელყოფილია. 


ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ სათვალთვალო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების და საჯაროდ გავრცელებული ახალი ინფორმაციის შედეგად წარმოშობილი შეკითხვების ფონზე, დემონსტრანტთა დევნის და ტროტუარზე მშვიდობიანად დგომისთვის მათი დაკავების ნაცვლად, წესით, სახელმწიფო შემდეგ ნაბიჯებს უნდა დგამდეს:


  • შსს უნდა აკეთებდეს განმარტებებს algorithmwatch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ;

  • შსს უნდა აწოდებდეს ინფორმაციას საზოგადოებას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სათვალთვალო საშუალებებს იყენებს და რა ფორმით საპროტესტო აქციების წინააღმდეგ;

  • მიუხედავად ტენოლოგიების წარმომავლობისა, უარს უნდა ამბობდეს მშვიდოებიანი პროტესტის მონაწილეთა წინაარმდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების, ციფრული პროფაილინგის (პროფილის შესადგენად დამუშავებისა და ანალიზის სისტემები) სისტემების გამოყენებაზე, მათი ციფრული გამოსახულებების გადაღებასა და შენახვაზე, ან ასეთი გამოსახულებებიდან მიღებული მონაცემების (მაგალითად, კონკრეტული პირის შეკრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია) მუდმივ ან სისტემურ ბაზაში შენახვაზე;

  • ეუთო ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უნდა ქმნიდეს შექანიზმს, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, გაიგონ, მოიპოვეს და შეინახეს თუ არა მათ შესახებ ინფორმაცია და რა ტიპის ინფორმაციაა ეს, ასევე შესაძლებლობას აძლევდეს მათ, ეფექტიანად გაასაჩივრონ მათი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და დამუშავება;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედი რედაქციით კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებაა, უნდა ატარებდეს ობიექტურ, დროულ და ეფექტიან მოკვლევას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო საერთაშორსო გადაცემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას აცნობდეს მის შედეგებს.



1  Algorithmwatch-ის შესახებ იხილეთ: https://www.unesco.org/ethics-ai/en/civil-society-organizations/algorithmwatch,  ასევე: https://algorithmwatch.org/en/vision-mission-values/

2  Algorithmwatch, Seen and Silenced: How Russian Surveillance Software Suppresses Georgian Civilians Rights, 27.06.2026, https://algorithmwatch.org/en/russian-surveillance-face-recognition-georgia/?fbclid=IwY2xjawSswRRleHRuA2FlbQIxMABicmlkETFnSXJOSFdJM2hDR0ZPVlNnc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHrSB7RaiPpnID09KD5kDRKyGYNbIkOjN7DEpqYHec8Ek8JYoF-E5EdqD2uPu_aem_V8SIb5PfKs_XdG3ncl2Kkw,

3  იქვე.

4  იქვე.

5  იქვე.

6  იქვე.

7  იქვე.

8  იქვე.

9  საია, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა, 10.02.2025, https://www.gyla.ge/post/saia-mowodeba-sheswavlil-iqnes-amomcnobi-kamerebis-gamoyenebis-praqtika,

10  საია, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა, 10.02.2025, https://www.gyla.ge/post/saia-mowodeba-sheswavlil-iqnes-amomcnobi-kamerebis-gamoyenebis-praqtika,

11  იქვე.

12  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის წერილი N. PDPS 8 26 00001648.

13  “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში”

14  “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსების უზრუნველყოფის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით”

15  ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისთვის და ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის იდენტიფიკაციის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის,  რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კოორდინაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

16  OSCE ODIHR, Urgent Opinion on the Amendments to the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as adopted on 16 October 2025), Opinion-Nr.: FOPA-GEO/564/2025 [ALC/TN], პარ. 93, https://www.osce.org/odihr/601503
17  იქვე, პარ. 95.
18  იქვე, პარ. 96.
19  იქვე, პარ. 97.
20  იქვე.
21 Glukhin v. Russia, app no. 11519/20, 04.07.2023
22  Amnesty International and more than 170 organisations call for a ban on biometric surveillance, 07.07.2021, https://www.amnesty.org/en/latest/press-release/2021/06/amnesty-international-and-more-than-170-organisations-call-for-a-ban-on-biometric-surveillance/,
23  იხილეთ ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR), თავი 5,  https://gdpr-info.eu/


სხვა სიახლეები