სიახლეები

დღეს, 2026 წლის 25 თებერვალს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ სცნო ვიტალი გუგუჩია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა (სსკ-ის 154-ე მუხლია 1-ლი ნაწილი) და ძალადობას (სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) ედავებოდა.
საია წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან ყურადღებით აკვირდებოდა აღნიშნულ საქმეს, ვინაიდან არსებობდა სისხლის სამართლის მექანიზმების ინსტრუმენტალიზების ცხადი ნიშნები. საქმის კონტექსტის კუთხით, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პოსტვ საქართველოს 52% წილის მფლობელი იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე. აღნიშნულს წინ უძღვოდა ვიტალი გუგუჩიას მხრიდან მასთან მაღაზიაში მისული ვიქტორ ჯაფარიძის კრიტიკა „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო.
გააზიარე: