GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 ოქტომბერი, 202510:00

უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა1 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე (Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, app. no. 31069/24) მესამე მხარის წერილობითი პოზიცია წარადგინეს.2


ორგანიზაციები საქართველოში მიღებულ კანონს ადარებენ უნგრეთში მიღებულს. მათი შეფასებით, ასეთი კანონები, ძირითადად, ემსახურებიან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით, ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა უფლებებსაც, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას.3


მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას. ამ ტიპის საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ბუნდოვანი სამართლებრივი ფორმულირებები ქმნიან თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, სუბიექტურად გამოიყენოს კანონი ორმაგი სტანდარტებით. შესაბამისად, ეს კანონები მოქმედებენ, როგორც დაშინებისა და რეპრესიების ინსტრუმენტები.4


ამასთანავე, უნგრეთის შემზღუდველ კანონებს თან ახლდა სახელმწიფოს მტრული პოლიტიკა - ცილისწამების კამპანიები, ბიუროკრატიული ტვირთი, შერჩევითი აუდიტი და დაფინანსების შეზღუდვები. მსგავსი ტენდენციები საქართველოს შემთხვევაშიც შეინიშნება.5 სახელმწიფოსა და პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცილისწამება და სიძულვილის გაღვივება გამოიყენება შემზღუდავი კანონების გასამართლებლად, მაგრამ ამასთან ერთად, ის ზეწოლის იარაღადაც მუშაობს - ქმნის მტრულ და ტოქსიკურ გარემოს სამიზნე პირებისა და ორგანიზაციების გარშემო.6 ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიმართავენ ევროპულ სასამართლოს, რომ საქართველოში მოქმედი კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ განიხილოს არა იზოლირებულად და ფორმალურად სამართლებრივად, არამედ, დამატებით გაითვალისწინოს მტრული კონტექსტის კუმულაციური, ურთიერთდაკავშირებული ეფექტები.7


არ აქვს მნიშვნელობა კანონი სრულად აღსრულდა თუ არა, მისი არსებობა, უკვე იწვევს შიშსა და თავშეკავებას იმ პირებსა და ორგანიზაციებში, რომლთა მიმართაც შეიძლება იგი გავრცელდეს. ეს შიში განსაკუთრებით აშკარაა მაშინ, როდესაც ორგანიზაციები ხედავენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ კოლეგებს ისეთ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონები უკვე გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ.8


სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელი საზოგადოებრივი დარაჯია [Public Watchdog] და მისი სტიგმატიზება, გაჩუმება ან მარგინალიზება თავად კონვენციის დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმას წარმოადგენს.9



1 Clean Air Action Group, The Háttér Society, the Hungarian Helsinki Committee, K-Monitor, The Ökotárs – Hungarian Environmental Partnership Foundation, The Power of Humanity Foundation, Transparency International Hungary.


2 Joint third-party intervention at the ECtHR in GYLA and Others v. Georgia, 02.10.2025, https://helsinki.hu/en/third-party-intervention-in-gyla-and-others-v-georgia [27.10.2025].


3 იქვე, პარ. 6.


4 იქვე, პარ. 8.


5 იქვე, პარ. 13.


6 იქვე, პარ. 17.


7 იქვე, პარ. 14.


8 იქვე, პარ. 25.


9 იქვე, პარ. 29.

სხვა სიახლეები