GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ნოემბერი, 2014
კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის  დამოკიდებულებას ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხის გადაწყვეტის მიმართ.
 
უკვე 2 კვირაში პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი   ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის რომელ სისტემას აირჩევს ქვეყანა და ვის ხელში გადავა ე.წ „გასაღები“. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ ჩქარობს კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეკრებას, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საკითხის დადგენილ ვადაში გადაწყვეტა კვლავ ვერ მოხერხდება.
 
2014 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ ვეტოს გამოყენების უფლება სწორედ რომ ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის აუცილებლობით დაასაბუთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინა.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კამპანიაში „ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ფარულ მიყურადებებზე პირდაპირი წვდომის საკითხთან დაკავშირებით. აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადაში დანიშნოს სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, რათა განახლდეს მუშაობა და საბოლოოდ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

სხვა სიახლეები