სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 17 ივლისს გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“
დოკუმენტი საუბრობს საქართველოში გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე რეაგირების სისტემისა და იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც ასეთი ძალადობის მსხვერპლნი აწყდებიან. კვლევის მიზანია გენდერულად მოტივირებული ძალადობის პრევენციის, მასზე რეაგირების, სამართალწარმოების, დამნაშავის დასჯისა და მსხვერპლის მხარდაჭერის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა.
ამისთვის კვლევაში გაანალიზებულია ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, რელევანტური ანგარიშები, სასამართლო გადაწყვეტილებები, საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან ინტერვიუების შედეგები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობა ვერ პასუხობს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დეფინიცია, რომელიც არ ეფუძნება თანხმობის კომპონენტს.
კვლავ პრობლემურია, სტატისტიკის წარმოების პროცესში ანალიტიკური ნაწილის არასებობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებასა და მონიტორინგინგთან დაკავშირებული გამოწვევები.
გამოწვევას წარმოადგენს ძალადობაგამოვლილი ადამიანების დაბალი მიმართვიანობა ფორმალური ინსტიტუტებისადმი, რისი ძირითადი მიზეზებიც საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებები, დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და ფორმალური ინსტიტუციების მიმართ არასათანადო ნდობაა. პრობლემურია, ასევე, უწყებების სუსტი კოორდინირებულობა გენდერულად მოტივირებული ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
კვლავ პრობლემურია გამოძიების და, მათ შორის, ექსპერტიზის პროცესში მსვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვა. ამასთან, მსხვერპლის მხარდაჭერის სერვისები ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ხანგრძლივ გაძლიერებას და რიგ შემთხვევებში, ვერ პასუხობს ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიურ საჭიროებებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახალისებენ გენდერულად მოტივირებულ დისკრიმინაციას, რაც სიძულვილის შემცველი ნარატივების გავრცელებაში და დისკრიმინაციულ საკანონმდებლო ინიციატივებში გამოიხატება.
მიუხედავად სერიოზული სისტემური პრობლემებისა, სახელმწიფო აქტიურად ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცის შევიწროებას, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გზით, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს წვდომას იურიდიული დახმარების, მხარდაჭერის სერვისებზე და, სტამბოლის კონვენციის სტანდარტის საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს გახდის გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლისა და პრევენციის პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
კვლევა დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ. წარმოდგენილ კვლევაზე პასუხისმგებელია საია და ის არ გამოხატავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და ამერიკის მთავრობის მოსაზრებებს.
გააზიარე: