GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 ოქტომბერი, 2014
კამპანია ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ე.წ. ,,ორგასაღებიან სისტემასთან“ დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ,,მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს.“
 
პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გასაღები სწორედაც რომ მობილური ოპერატორების ხელშია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მაგალითად, საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლება ზიანს აყენებს საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იმით, რომ ამ ქვეყნებში გასაღები საკომუნიკაციო კომპანიების ხელშია.
 
გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანა ასევე იყო პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ მოწვეული ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციაც. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონმა თავის დასკვნაში მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს: „გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს  ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა  და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე.“ კიდევ ერთმა ექსპერტმა, ჰანს-იორგ ალბრეხტმა განაცხადა: „რთულად გასაგებია, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ უშიშროებისა თუ სამართალდამცავ ორგანოებს დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ მონაცემზე ან ელექტრონული კომუნიკაციის პროცესზე. ელექტრონული კომუნიკაციის ამგვარად ორგანიზებული მიყურადება და თვალთვალი  შესაძლებელს ხდის მის ბოროტად გამოყენებას...
 
ვინაიდან საქართველოს მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემას, კომპრომისის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა ე.წ. ,,ორი გასაღების სისტემის“ მიმართ. რადგან ხელისუფლება საფრთხეს ხედავს გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემაში, შემუშავებული იქნა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე გასაღები გადაცემოდა სასამართლოს, სადაც არ არსებობს მსგავსი ტიპის რისკები ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებით. ორი გასაღების არსებობის შემთხვევაში, საუბრის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მაშინ, თუკი შსს-ს სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსთან ერთდროულად დაუშვებს როგორც მობილური ოპერატორი, ისე სასამართლო. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს კომპრომისული წინადადებაც მიუღებელი აღმოჩნდა მთავრობისათვის.  
  
თავისი პოზიციის გასამყარებლად პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს იმას, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სასამართლოში შედის მკაცრად დასაბუთებული შუამდგომლობები, ამის მიუხედავად, სასამართლოები არ გასცემენ ნებართვას. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, თუკი სასამართლოები მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვას არ გასცემენ, მაშინ რა მნიშვნელობა გააჩნია გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას? ნიშნავს თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმას, რომ სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც იყენებს მის ხელთ არსებულ გასაღებს და ამით უკანონოდ იწერს მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს?
 
მოვუწოდებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაითვალისწინოს ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობიან ევროპაში უკვე დიდი ხნით არსებულ პრაქტიკას და გასაღები გატანილი იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გადაავადოს გასაღებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხი 2015 წლის 1 აპრილამდე.     
 

სხვა სიახლეები