GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 ივნისი, 202513:24

2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი საქმეზე - ,,გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება ჩხრეკის (ამოღების) დასრულებიდან 48 საათში და არა მხარისათვის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 48 საათში.


საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, კერძო საკუთრებაში ჩხრეკის ან ამოღების დასრულებიდან 48 საათი შეიძლება ისე გავიდეს, რომ მესაკუთრეს, ბრალდებულს ან მათ ადვოკატს არ ჩაბარდეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომლითაც ეს ჩხრეკა ან ამოღება იქნა ცნობილი კანონიერად. ასეთ პირობებში იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც ჩხრეკა ან ამოღება ჩატარდა, მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს იმ ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩხრეკა ან ამოღება კანონიერად მიიჩნია და წარადგინოს დასაბუთებული საჩივარი. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, გასაჩივრების ვადის დინების დაწყება საგამოძიებო მოქმედების აღსრულების დასრულების მომენტიდან წარმოადგენს შეზღუდვას კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ამ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა, თუმცა შემზღუდველი ღონისძიება არ არის ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. ბრალდებულს ან იმ ქონების მესაკუთრეს სადაც ჩხრეკა ჩატარდა უწევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრება ისე რომ ის წაკითხულიც კი არა აქვს, შემდეგ, ელოდება განჩინების მისთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოსათვის დამატებითი არგუმენტების წარდგენას. ამასთან თუ ჩხრეკის ან ამოღების დასრულებიდან გავიდა 48 საათი, ისე რომ მხარემ ვერ გაასაჩივრა განჩინება, მას ჯერ უწევს ვადის აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვა, ხოლო შემდეგ, განჩინების გასაჩივრება. ეს კი სასამართლოების კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას იწვევს.


ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის ან ამოღების დაკანონების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება არა მისი აღსრულების (ჩხრეკის ან ამოღების პროცესის დასრულების) მომენტიდან, არამედ ამ განჩინების ბრალდებულისათვის ან იმ პირისათვის ჩაბარებიდან, ვისი ქონებაც იქნა გაჩხრეკილი ან რომლის ქონებიდანაც ამოღებულია სათანადო მტკიცებულება.

სხვა სიახლეები