GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ივნისი, 202615:45

2026 წლის 23 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) დაადგინა, რომ კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.


სტრაბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივნის ადმინისტრაციული წესით დაკავება, რამაც გამოიწვია მისი გაყვანა სოლო (ერთპიროვნული) აქციის ადგილიდან, და მის შემდგომ პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წარმოადგენდა ჩარევას მის გამოხატვის თავისუფლებაში (მე-10 მუხლი) შეკრების თავისუფლების უფლების შუქზე (მე-11 მუხლი).


2022 წლის 28 დეკემბერს, ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახლოს, მემედ აბაშიძის ძეგლთან, ზურაბ ქარჩავა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობას კარვის გაშლით აპროტესტებდა, რა დროსაც პოლიციამ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა. სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ პროტესტი იმართებოდა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების ადგილას, ასევე, რომ მემედ აბაშიძის ძეგლის დაზიანების საფრთხე არსებობდა, და რომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას უშლიდა ხელს, თუმცა არ განუმარტავთ, თუ როგორ შეიძლებოდა შენობიდან 25 მეტრის დაშორებით განთავსებულ კარავს ამგვარი გავლენა მოეხდინა. ეროვნულმა სასამართლოებმა საქმის განხილვისას ვერ უპასუხეს კითხვებს დაკავების საფუძვლიანობასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შაბლონურ და არასწორ ფაქტებს დააფუძნა, საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეუფასებლად, რაც სააპელაციო სასამართლომაც უცვლელი დატოვა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნულ დონეზე ჩატარებულმა პროცესებმა და დაკავების ზომამ კონვენციით დაცული უფლებები დაარღვია. საიამ 2023 წლის 14 სექტემბერს ზურაბ ქარჩავას უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.


სტრასბურგის სასამართლომ განმარტა (Karchava v. Georgia, no. 34790/23, 23.06.2026), რომ:


● დასაშვებობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება წარმოადგენს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დაცვის ქვაკუთხედს. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის უფლებები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უკვე წარმოადგენდა მისი დაცვის ბირთვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების დროს, იგი არ იყო ვალდებული რომ დამატებით ამოეწურა სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალები. შესაბამისად, საქმის წარმოებისას იუსტიციის სამინისტროს მიერ მითითებული დამატებითი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის მიმართვა არ წარმოადგენს დაცვის მექანიზმს (§§27-30).

● საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადგილობრივი ხელისუფლების შენობასთან მდებარე საჯარო მოედანზე შიმშილობის ფორმით სოლო აქციის ორგანიზება, შეეხებოდა საჯარო ინტერესების მქონე საკითხს, და, შესაბამისად, წარმოადგენდა მე-10 მუხლით დაცულ ქმედებას (§50).

● ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო სახელმწიფოს მიერ წარდგენილი არგუმეტაცია პროტესტის შეზღუდვასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ შიდა ინსტანციებმა უგულებელყვეს და არ შეამოწმეს მტკიცებულება იმის შესახებ, კარავი სასამართლოს შენობიდან ნამდვილად კანონიერ დისტანციაზე (20 მეტრის მიღმა) იდგა თუ არა. გარდა ამისა, სრულად მშვიდობიანი პროტესტი არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა მემედ აბაშიძის ძეგლს. კერძოდ, მომჩივანი არც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა და არც ძეგლის დაზიანების, განადგურების ან თუნდაც დროებით შეცვლის განზრახვა გამოუვლენია. მან უბრალოდ გაშალა კარავი ქანდაკების მიმდებარე გაზონზე, რამდენიმე მეტრის დაშორებით. ასეთი ქმედება არ შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს ძეგლის ფიზიკური მთლიანობისთვის რაიმე რისკის შემქმნელად და არც დამთვალიერებლების მიერ შეიძლება აღქმულიყო, როგორც მავნე ან უპატივცემულო. ხოლო სახელმწიფოს მტკიცება, თითქოს აქციის დაშლა საახალწლო პიროტექნიკისგან მომჩივნის დაცვას ემსახურებოდა, იყო დაუსაბუთებელი და სპეკულაციური (§51-55).

● სანქცია არ იყო პროპორციული, რამდენდაც მომჩივნის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებში ჩარევა, რომელიც განხორციელდა ლეგიტიმური საჯარო დებატების კონტექსტში, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული სიტყვიერი შენიშვნით. ჩარევა ასევე გამომდინარეობდა აქციის ადგილზე პოლიციის ქმედებიდან, სადაც მომჩივანი იძულებით გაიყვანეს მისი სოლო პროტესტის ადგილიდან, დააკავეს და 24 საათის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ ზომებს, ერთობლიობაში, შეეძლოთ მომჩივნის მიერ თავისი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე მსუსხავი ეფექტის (chilling effect) მოხდენა (§56).


ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 1,000 ევროს გადახდა დაეკისრა, რაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში უნდა დაფაროს.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ დროში მკვეთრად მზარდი რეპრესიული და შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებებისა და პრაქტიკის გაუარესების ფონზე საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს, რაც ზურაბ ქარჩავას გარდა, სხვა აქტივისტებისთვისაც ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დამაბრკოლებელ, ე.წ. „მსუსხავ“ ეფექტს.

სხვა სიახლეები