GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 ივლისი, 201717:12

17 ივლისი წარმოადგენს რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების დღეს. შესაბამისად, 17 ივლისი აღინიშნება როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე. მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას გამოვხატავთ საერთაშორისო დანაშაულების ყველა მსხვერპლის მიმართ, რომლებსაც უარი ეთქვათ მართლმსაჯულებაზე ან რომლებიც ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები იმ ადამიანთა შორის არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები გამუდმებით მოვითხოვდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას. 2016 წლის იანვარში, მივესალმეთ ICC-ის მოსამართლეების გადაწყვეტილებას, რომელმაც ნება დართო პროკურორს, განეხორცილებინა გამოძიება სასამართლოს იურისდიქციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა აგვისტოს ომის დროს.

ICC-ის გამოძიება უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს საქართველოს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მომავლისათვის. აღნიშნული პროცესი ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარებაზე, არამედ საქართველოს სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რეგიონალურ და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ICC-ის მიმართ და მზაობა თანამშრომლობისათვის. თუმცა, ამავე დროს, გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს ახლავს თან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმაციის ნაკლებობა დაზარალებულთა შორის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებასა და მედიაში. ICC-ის მიერ ამ დროისათვის განხორციელებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები დაზარალებულთა თემებში არის მინიმალური. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან წელიწადნახევარი გავიდა, სასამართლოს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია დაახლოებითი ვადები ადგილობრივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ თავად განახორციელოს საინფორმაციო ხასიათისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები სასამართლოს როლთან, მის მანდატთან და აქტივობებთან დაკავშირებით დაზარალებულთათვის, ისევე როგორც საზოგადოების სხვა ჯგუფებისათვის. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დაიწყოს სრულყოფილი, ადგილობრივ კონტექსტზე ფოკუსირებული საინფორმაციო ხასიათისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მანამ, სანამ მოხდება კონკრეტული საქმეების იდენტიფიცირება სასამართლო პროცესებზე.

ICC-ის ადგილობრივი ოფისი უნდა წარმოადგენდეს ქვაკუთხედს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისათვის დაზარალებულთა და საზოგადოების სხვა ჯგუფებისათვის, ისევე როგორც სასამართლოს ცნობიერების ამაღლებისათვის ადგილობრივი და რეგიონალური კონტექსტის შესახებ, რის გარეშეც სასამართლო ვერ განახორციელებს საკუთარ ვალდებულებებს ეფექტურად. აღნიშნული ოფისი ასევე უნდა იყოს ადგილი, სადაც დაზარალებულები წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს სასამართლოს, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, მოახდინოს აღნიშნული მოსაზრებებისა და უკუკავშირის ინტეგრაცია საკუთარ აქტივობებში.

გვსურს, გამოვხატოთ წუხილი ადგილობრივი ოფისის გახსნის შეყოვნებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ICC-ის რეგისტრს, მაქსიმალურად მიმართოს რესურსები ადგილობრივი ოფისის გასახსნელად და დააჩქაროს აღნიშნული პროცესი, რათა ოფისი ამოქმედდეს მომავალი თვეების განმავლობაში.

საინფორმაციო ხასიათის და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ფუნდამენტურ როლს შეასრულებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სასამართლოს მანდატის შესახებ არასწორი შეხედულებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულებს მიეწოდოთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ მათ გამოძიების პროცესში, ასევე სასამართლო პროცესებში. აღნიშნული აქტივობები უნდა განხორციელდეს ICC-ის სხვადასხვა ორგანოებს შორის კოორდინაციის გზით, მათ შორის, პროკურატურის ჩართულობით, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა ICC-ის მიმართ საქართველოში და შეიქმნას სასამართლოს მუშაობისათვის ხელშემწყობი გარემო.

აღნიშნული აქტივობები ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული არასწორი მოლოდინები სასამართლოს შესახებ. გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაზარალებულებს შესაძლოა გაუჩნდეთ მოლოდინი რეპარაციების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოლოდინები მართული იქნას დროულად.

რეკომენდაციები ICC-ის მიმართ:

- სასწრაფოდ გაიხსნას ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში, რომელიც შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

- იქნება ქვაკუთხედი სასამართლოს ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებისათვის;

- გაზრდის სასამართლოს ცნობიერებას ადგილობრივი და რეგიონალური კონტექსტის შესახებ;

- მოამზადებს ფუნდამენტს მსხვერპლთა ნდობის ფონდის (TFV) დახმარების მანდატის დასაწყებად;

- დაეხმარება პროკურორის ოფისს (OTP) ადგილზე მისი მოვალეობების განსახორციელებლად;

- იმოქმედებს, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი ადგილზე და ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან;

- მიიღებს უკუკავშირს დაზარალებულებისაგან და მოახდენს მათი მოსაზრებების ინტეგრაციას საკუთარ საქმიანობაში;

- სასამართლომ უნდა წარმოადგინოს დაახლოებითი ვადები ადგილობრივი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში და გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია;

- ადგილობრივი ოფისის ფუნქციონირების დაწყებამდე, რეესტრმა უნდა უზრუნველყოს პრობლემის დროებითი გადაწყვეტა, მაღალი დონის (P) წარმომადგენლობით, რომელიც შეავსებს არსებულ ხვრელს. რეესტრის წინადადება უნდა ასახავდეს საქართველოს შესახებ ყოვლისმომცველ სტრატეგიას;

- სასამართლომ თავად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაზარალებულებს, მათ შორის, ინფორმაცია სასამართლოს მანდატისა და მისი აქტივობების შესახებ საქართველოში;

- სასამართლო წარმომადგენლებსა და დაზარალებულებს შორის შეხვედრებს უნდა ჰქონდეს უფრო რეგულარული ხასიათი, უნდა იყოს უფრო კარგად დაგეგმილი და სრულყოფილი;

- სასამართლომ უნდა აწარმოოს ღია დიალოგი და გააგრძელოს კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან;

- სასამართლომ უნდა შეიმუშავოს და გაასაჯაროოს საქართველოსთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების სტრატეგია.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო’’

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

სხვა სიახლეები