სიახლეები
საია სასამართლოში იცავდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს, რომელიც 2019 წლის მაისიდან ნოემბრამდე იმყოფებოდა გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმარი არის ვეგანი, იგი იკვებება მხოლოდ მცენარეული ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისთანავე მან აცნობა ადმინისტრაციას, რომ იყო ვეგანი და სჭირდებოდა სპეციალური კვების რაციონი. დაწესებულების ინფორმირების მიუხედავად, მას არ მიეწოდებოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, მათ ასეთი შემთხვევა მანამდე არ ჰქონიათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ არც სპეციალური საკვები ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა სათანადო საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტების შეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული იყო და არც ადგილობრივ მაღაზიაში იყიდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პირისთვის შეუძლებელი იყო არავეგანური საკვების მიღება, იგი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და ნივთიერებებს, რის გამოც აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან, გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრის ყოფნის პერიოდში არ იყო შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც ექნებოდა სხვადასხვა ტიპის ვეგანებისთვის კვების მენიუს შედგენისთვის საჭირო კვალიფიკაცია.
პატიმარმა არაერთხელ მიმართა ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს, თუმცა, პენიტენციურ სამსახურს არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რის გამოც მას მოუწია სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ახლა დასრულდა 5-წლიანი სამართალწარმოების პროცესი, დადგინდა, რომ პატიმრის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განახორციელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და მასვე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ პატიმარი სასამართლოსგან ითხოვდა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდანაც, რაც არ იქნა გაზიარებული. სასამართლოს შეფასებით, მართალია, ორივე ამ სამინისტროს ერთობლივი ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული კვების მენიუ ვეგანი პატიმრებისთვის, თუმცა, შესაბამისი პირების ჩართულობით ცვლილებების განხორციელებისა და სპეციალური კვების რაციონის შედგენის შესაძლებლობა ექიმის დანიშნულების შესაბამისადაც შეეძლო პენიტენციურ სამსახურს.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე კანონქვემდებარე აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაც, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო თითოეული პატიმარს უზრუნველყოფს შესაბამისი საკვები რაციონით დისკრიმინაციული მოტივებისგან თავისუფალი კანონმდებლობის პირობებში და ამ უფლების განხორციელება არ იქნება ცალკეული პენიტენციური დაწესებულების პერსონალის ნებაზე დამოკიდებული.
ფოტო: ტაბულა
გააზიარე: