სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციათა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

    საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მისი ცალკეული დებულებების ავტორი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაცაა (შემდეგში - კომისია). კანონპროექტის ყველაზე სადავო ნორმის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასევე შეტანილ იქნებიან ამომრჩევლები: 1) რომელთა რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ; 2) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ პირებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მისი პირადობის მოწმობა უქმდება რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო პირადობის დადასტურების ნაწილში იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. კომისიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი ორივე კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 80 000-ს შეადგენს.  გაუქმებული რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ ძალადაკარგულ მონაცემებს ენიჭებათ სამართლებრივი ძალა, რაც მიუღებელია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკიც, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ერთდროულად აღმოჩდნენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც შეამცირებს კომისიის შანსებს მოახდინოს ასეთი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და უზრუნველყოს სიების სიზუსტე.  

2012-06-22 15:09 სრულად ნახვა

განცხადება „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ

  2012 წლის 2 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის სამართალდამრღვევად ცნო. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, და 342 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ დააჯარიმა და  მისი ანგარიშები დააყადაღა. მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა, რადგან კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლებით დაჯარიმებისთვის აუცილებელია: ა) პირს ჰქონდეს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს: ბ) პირისათვის შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული ჰქონდეს შესაბამისი აქტი; და გ) პირს განხორციელებული ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა (ამგვარ შემოწირულობას განეკუთვნება შემოწირულებები იურიდიული პირისგან, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან და ა.შ.).

2012-06-21 07:13 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 17 ივნისს ოზურგეთში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია “ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 17 ივნისს ოზურგეთში  დაგეგმილი  აქციის  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 17 ივნისს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-06-15 10:12 სრულად ნახვა

განცხადება საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, 14 ივნისს შედგა შეხვედრა კამპანიის - „ეს შენ გეხება“ -  მონაწილე რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა კამპანიის მიერ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებების იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპების გათვალისწინებაზე, რომელიც საქართველოში ე.წ.Must Carry-ისა და Must Offer-ის რეგულაციების დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა საქართველოში პლურალისტური მედია გარემოს ჩამოყალიბებაზე და საკუთარ მოსახლეობას შეუზღუდა მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს როგორც მედია, ისე - წინასაარჩევნო გარემოზე და შექმნის მკვეთრად არათანაბარ პირობებს ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის. როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს, არსებული მედია გარემოს პირობებში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.

2012-06-15 07:28 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის 6 თვის შედეგების პრეზენტაცია გამართა

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პრეზენტაცია 2012 წლის 14 ივნისს გაიმართა. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი 2011 წლის ოქტომბერიდან 2012 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ: • არსებითი განხილვების უმეტესობაში შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსამართლემ თავის ნეიტრალურ როლს მკვეთრად გადაუხვია (მოწმეთა დაკითხვის შემთხვევები);

2012-06-14 11:39 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას „Must carry“-ს საკითხებთან დაკავშირებული კვლევა წარუდგინა

  2012 წლის 11 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „Must carry“-ს საკითხებთან დაკავშირებულ კვლევის პრეზენტაცია  გამართა. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც, მსგავსად უცხოეთის არაერთი  ქვეყნისა, აუცილებელია „Must carry“ წესების შემოღება. ჩვენი კვლევის  მთავარი მიზანი იყო: • საერთაშორისო სტანდარტების დადგენა; • სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი; • მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები; ასევე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.  

2012-06-11 15:59 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 10 ივნისს ქ. ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია “ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 10 ივნისს ქ. ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 10 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

2012-06-08 14:02 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ამომრჩეველთან შეხვედრებზე გაწეულ პარტიულ ხარჯებთან დაკავშირებით

2012 წლის  28 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რესტორან „მონოპოლსა“ და „ტრიუმფში“ მედიცინის მუშაკებს ხვდებიან. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ათას ხუთასზე მეტ ადამიანს დახურულ ფორმატში ხვდებიან. მედიცინის მუშაკები ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობის საკითხებს, მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებს და სფეროში დაგეგმილ რეფორმებს. ჟურნალისტთან საუბარში ექიმები იმ ფაქტსაც ადასტურებენ, რომ  მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებზე მათ „ალაფურშეტითაც“ უმასპინძლდებიან. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურის  ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ, ხოლო შეხვედრის ადგილები მერიის გეგმაშია გაწერილი. შეხვედრაზე მიწვეული პირები კი აცხადებენ, რომ ისინი არა პარტიულ, არამედ  მერიის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს.

2012-06-07 10:20 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი კლინტონს

ქალბატონო სახელმწიფო მდივანო,პირველ რიგში მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს ქართული სახელმწიფოს მიმართ. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების გაგრძელების საქმეში.ქვეყანაში ერთერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ რჩება მოსახლეობისათვის პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წელვანდელი ანგარიშის თანახმად, „მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო.” აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო წინადადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში Must-carry-ს და Must-offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე, რომლის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმისაწვდომობას. ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადების გაზიარება მნიშვნელოვანწილად მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე.

2012-06-01 19:57 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვითარება ბადებს ეჭვს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:  თუ გათავისუფლების მიზეზი მართლაც პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა იყო, რატომ გათავისუფლდა მიმინოშვილი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამასთან, უახლოეს თვეებში დაგეგმილია ეროვნული, სამაგისტრო და  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და არსებობს რისკი, რომ დაზარალდეს როგორც აბიტურიენტთა, ისე მაგისტრანტთა და მასწავლებელთა ინტერესები. ფაქტია, რომ აღნიშნული პერიოდი საკადრო ცვლილებებისთვის ყველაზე შეუფერებელია, მითუმეტეს, თუ კონფლიქტი მანამდე 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების წინა დღეს, 27 მაისს, მისი შვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რასაც 28 მაისს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.  

2012-05-31 14:59 სრულად ნახვა