სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ეს შენ გეხება“ ახალ საკანონმდებლო წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს აცნობს

  დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებული კანონდებლობის ხარვეზებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებები დეტალურად წარმოადგინეს, რომლებიც, მათი აზრით,  უზრუნველყოფენ  არჩევნების დღეს პროცედურების დახვეწას, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიათანაბრობას, საკაბელო არხებით საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. 7 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს ორგანულ კანონში - „ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

2012-05-17 11:32 სრულად ნახვა

საია გამგებლის მოადგილის - ბესო გაზდელიანის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

  საია ეხმაურება სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ვიდეომასალას , სადაც ნათლად ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით. კადრებიდან ჩანს, რომ ჩხუბის ინიცირება ხდება სწორედ ბესო გაზდელიანის მიერ. ვიდეომასალიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დაიწყონ გამოძიება. საია განსაკუთრებით შეშფოთებულია ბესო გაზდელიანის ქმედებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადებით. მერია ძირითად აქცენტს მოქალაქეთა ქმედებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მათ ,,პერსონალური შეურაცხყოფა” მიაყენეს ბესო გაზდელიანს.  ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისათვის  შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთი მოქალაქე ბესო გაზდელიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: ,,შენი პრეზიდენტი სად იყო ... ფეხბურთის საყურებლად. პანაშვიდზე უნდა ყოფილიყო ... აი, ფეხებზე რომ გკიდიათ ყველას ... ნაციონალები რომ ხართ.” აღნიშნული გამონათქვამი შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების საჯარო კრიტიკას. საია თბილისის მერიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა: ,,გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც საზოგადოება ნეიტრალურად აღიქვამს, არამედ ისეთი განცხადებებიც, რომლებიც შოკისმომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისათვის.” გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაკუთრებით დაცულია მაშინ, როცა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა.  

2012-05-15 13:18 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით

ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს  ფონდის საქმიანობის ასოცირებას  მოძრაობა  „ქართულ ოცნებასთან“. სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს.“ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე,  წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“

2012-05-15 08:53 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე

  კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: • იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის)  ბაკალავრიატის მე-3, მე-4  ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული. • იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები) კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს: 1. განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს; 2. ავტობიოგრაფია (cv); 3. იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 4. სამოტივაციო წერილი   (კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, თუ  რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება);  

2012-05-14 12:19 სრულად ნახვა

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება

  2012 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით "ალია" და მსგავსი გაზეთები და "მოფაშისტო ელემენტები" მათ  (ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი) "შეჭამდნენ და შუაზე გაგლეჯდნენ". სააკაშვილის აზრით, ისინი ქადაგებენ იმას, რასაც ილია "უმეცრების ფათი ფუთს" უწოდებდა. "რა თქმა უნდა ისინი მარგინალიზებულები არიან და ვერასოდეს დაუბრუნდებიან საზოგადოების მთავარ ნაწილს", - განაცხადა პრეზიდენტმა. საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი თვლის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართული მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.  

2012-05-11 17:09 სრულად ნახვა

„რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“

  დღეს საასტუმრო „რედისონში“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“. საიას მიერ მომზადებული კვლევა, ოთხი კონრეტული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება.  ქ. თბილისის მაგალითზე, ესენია: ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული - „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ და  „თბილისის განვითარების ფონდი“. ბათუმის შემთხვევაში - ქ. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული  „ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდი“, ხოლო ქუთაისის შემთხვევაში - ქ. ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული „ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“. კვლევის ობიექტებთან მიმართებაში საიას ინტერესის სფეროს ხუთი ძირითადი კომპონენტი წარმოადგენდა: • რა უფლებამოსილებებს ანიჭებდნენ დამფუძნებლები მათ მიერვე დაფუძნებულ ფონდებს; • მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, რა ფინანსურ და ქონებრივ შენატანებს გადასცემდნენ; • რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან მიღებული ფინანსების ხარჯვა და არსებობდა თუ არა ფონდების მიერ გახარჯული ფინანსების შესახებ შესაბამისი ხელმისაწვდომი  ინფორმაცია;  

2012-05-11 11:46 სრულად ნახვა

საია ზურა ვაზაგაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოშიც დაიცავს

  2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას. საიას მომართეს ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში ნათქვამი ფრაზა - ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც ზურა ვაზაგაშვილის მშობლები მოითხოვენ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. ვაზაგაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები დაიცავენ. საია იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივარი დროულად და ობიექტურად იქნება განხილული.  

2012-05-10 14:08 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “ადგილობრივი თვითმმართველობა”

  ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ქ. ბათუმში  2012 წლის 26-27 მაისს,  დილის 10:00 სთ-დან საღამოს  18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.  

2012-05-10 12:05 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება“-ს მონაწილე 35-მა ორგანიზაციამ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შესთავაზა

  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კამპანიის მეორე ეტაპს იწყებენ, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით,  7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში  საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 35 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს. ცვლილებების მხარდამჭერთა ხელმოწერები გრძელდება. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას: 1. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა -  პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება შემაჯამებელ ოქმში. ეს საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ მისცემს საშუალებას, უბანზე არჩევნების შედეგების გარკევევის შემდეგ შეცვალონ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არასასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ოქმების გადაკეთების შესაძლებლობას გაართულებს. უფრო მკაფიოდ გაიწერა საოლქო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამების  მექანიზმები.

2012-05-08 11:50 სრულად ნახვა

საია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს

  საია შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმრის - ზურაბ დელიანიძისა და თენგიზ ბელქანიას გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 2012 წლის 3 მაისს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია #18 პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ზ. დელიანიძის, ხოლო 2012 წლის 4 მაისს იმავე დაწესებულებაში თ. ბელქანიას  გარდაცვალების შესახებ. საია მიიჩნევს, რომ პატიმართა გარდაცვალების მიზეზის შესახებ უკვე გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიების მიუხედავად, აუცილებელია თითოეულ  ფაქტზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მიერ. საია მიესალმება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მიერ 2012 წლის 4 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ზ. დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მთავარ პროკურატურას გადაეცა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად, ეფექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. ამასთან, საია მიუთითებს სამინისტროს 2012 წლის 3 მაისის ოფიციალურ განცხადებაზე, რომ ზ. დელიანიძის საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი  და მოუწოდებს გამოძიების მწარმოებელ ორგანოებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ.  

2012-05-07 13:35 სრულად ნახვა