სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში

2012-11-20 22:06
Featured image
წლების მანძილზე საიას მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი შრომითი უფლებების დაცვა იყო. საკითხი განსაკუთრების აქტუალური 2006 წლიდან გახდა, მას შემდეგ რაც საქართველოს ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა. ახალი კანონმდებლობით ფაქტობრივად გაუქმდა დასაქმებულთა დაცვის გარანტიები და დამსაქმებლები უპირატეს მდგომარეობაშ აღმოჩნდნენ. ამ ხნის მანძილზე საიას უფასო იურიდული დახმარებს ცენტრი უამრავ ადამიანს ეხმარებოდა შრომითი დავების მოგვარებაში. 2010-2011 წლებში კი საია ახორციელებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  ”ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში”. საიას სტრატეგიულ მიდგომებზე დაყრდნობით, პროექტი 3 ძირითადი მიმართულებით განხორციელდა:
 
ა) შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა
 
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში მომზადდა სამართელბრივი კვლევა, რომელმაც მოიცვა შრომის ეროვნული კანონმდებლობის ძირითადი პრობლემების ანალიზი, საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის და არსებული პრობლემებიდან გამოსავლის მოძიების მიზნით.
 
აღნიშნული კვლევის დახმარებით მოამზადა საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი. ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შრომით კანონმდებლობაში არსებული ყველაზე პრობლემური საკითხების ახლებურ რეგულაციებს, ეს შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლებს, რომლების ერთწლიანი მუშაობის შედეგად ყველაზე პწვავე და პრობლემურ მუხლებად წარმოჩინდა. აღნიშნული მუხლები წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მუხლებს, რომელთა უკეთ დარეგულერებაც მოხსნის პრაქტიკაში არსებულ უამრავ პრობლემას დასაქმებულთა სამსახურიდან დაუსაბუთებლად დათხოვნის შესახებ. ამასთან, საია არ აპირებს ამ ცვლილებათა პაკეტის შეტანით საკითხზე მუშაობის დასრულებას. საქართველოში  შრომითი გარემოს უაღრესად რთული მდგომარებოდან გამომდინარე, შეუძლებელია მოკლე ხანში მდგომარების იდეალურად გამოსწორება და პრობლემის სრულად ამოწურვა, სწორედ ამიტომ საიას საპარლამენტო მდივანი განაგრძობს სხვადასხვა სახის ცვლილებებზე მუშაობას შრომის კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რასაც თან დაერთვის საკითხის ძლიერი და ხანგრძლივი ლობირება პარლამენტში.
 
ბ) უფასო სამართებრივი დახმარების გაწევა იმ პირთათვის, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა
 
პროექტის ფარგლებშიც და მისი დასრულების შემდეგაც საია-ს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს იმ პირთათვის რომელთა შრომოთი უფლებებიც დაირღვა. უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია როგორც ცენტრალურ (თბილისი), ისე რეგიონულ დონეზე.
 
განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფების შრომითი უფლებების დაცვაზე როგორებიც არიან: ორსულები, არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, საპენსიო ასაკს მიღწეული პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპეციპიური პროფესიის მქონე პირები (ექიმები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და ა.შ.).
 
საია-ს იურისტები მოქალაქეთათვის, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოფენ შემდეგი სახის იურიდიულ დახმარებას: მოქალაქისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევას შრომით საკითხებთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტის შედგენას და წარმომადგენლობის უზრუნველყოფას სასამართლოში ან ადმინისტარციულ ორგანოში.
 
მხოლოდ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრმა, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, სულ 3207  კონსულტაცია გასცა.
 
გაცემული კონსულტაციების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ყველაზე პრობლემური საკითხები: 1.სამსახურიდან გათავისუფლება ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე; 2.სამსახურიდან დათხოვნის გამო 1 თვის კომპენასაციის გადახდა; 3.სახელფასო დაავალიანების ანაზღაურება; 4.დეკრეტული შვებულების აღება; 5.ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება; 6.შვებულებების საკითხი; 7.ხელფასის ცნობის გაცემაზე უარი, ძირითადად ზეპირი ხელშეკრულებების არსებობისას; 8.სამუშაო სტაჟის დადგენა.
 
ზემოაღნიშნული პრობლემები აგრეთვე შევიდა შრომითი კანონმდებლობის სამართლებრივ ანალიზში. 
 
რაც შეეხება საადვოკატო საქმეებს, პროექტის ფარგლებში საიას ადვოკატები შრომით დავასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში 25 საქმეში წარმოადგენდნენ საიდანაც 12 წარმატებით დასრულდა 3 საქმეზე კი დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება.
 
გ) საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საკუთარ შრომით უფლებებთან დაკავშირებით  და მათი დაცვის საშუალებების გაცნობა
 
საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფლებათა დარღვევების პრევენციის მიზნით საია-მ მოამზადა და თავისი რეგიონული ოფისების დახმარებით გაავრცელა სპეციალური ბროშურები შრომით უფლებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბროშურები დაიბეჭდა როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და დარიგდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
 
პროექტის ფარგლებში საიამ აგრეთვე დაამზადა სამი სოციალური რეკლამა საერთო სლოგანით: იცხოვრე ღირსეულად - დაიცავი შრომის უფლება! აღნიშნული რეკლამები გავრცელდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე 25 რეგიონული მაუწყებლის მეშვეობით.
 
მნიშვნელოვანია, რომ სოციალური რეკლამებისა და ბროშურების გავრცელების შემდეგ, საიას ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მოგვმართეს თავიანთი შრომითი უფლებების დასაცავად. ამასთან გამახვილდა საზოგადოების ყურადღება შრომით საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ თუ პრაქტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით.