GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 აპრილი, 202614:49

2026 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმეზე1 სასამართლო სხდომა ჩატარდა.


მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ცამეტივე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო უმეტესად მხედველობაში არ იღებს ბრალდებულთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რისი ვალდებულებაც მას კანონმდებლობით აქვს.2 სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, 3 რომ ბრალდებულთა ნაწილი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მათი უმრავლესობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, მათ შორის, დავით გიუნაშვილიც. ასევე ხაზგასასმელია, რომ საქმეზე დასრულებულია გამოძიება, მხარეებს შორის გაცვლილია მტკიცებულებები, მიმდინარეობს არსებითი განხილვა და მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე სასამართლოშიცაა დაკითხული, რის გამოც შემცირებულია გამოძიებისთვის ხელშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები. 


მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ბრალდებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობა არ აქციოს, უბრალოდ, ფორმალობად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვება. 4 წლების განმავლობაში არსებული ვითარება აშკარად მეტყველებს, რომ სასამართლოს მიერ პატიმრობის გადასინჯვა არ ემსახურება ბრალდებულისთვის რეალური შესაძლებლობის მიცემას, არ დარჩნენ განგრძობად პატიმრობაში, 5 მათ შორის, აქციების კონტექსტში დაკავებულ არაერთ პირს,  საიას შეფასებით, სასამართლო ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად ტოვებდა პატიმრობაში, არ ითვალისწინებდა მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს. 6



დავით გიუნაშვილთან დაკავშირებით:

დამატებით, გვინდა გამოვყოთ დავით გიუნაშვილის საკითხი. კერძოდ:


საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, 70 წლამდე პირი, დავით გიუნაშვილია. ადვოკატის განცხადებით, “ბრალდებული დავით გიუნაშვილი არის  დევნილი, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში მას დაუწვა სახლი და ამდენი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე

აპროტესტებდა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.7 ამასთან გიუნაშვილი არის საპენსიო ასაკის პირი - 70 წელს მიღწეული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აწუხებს სახსრები და აქვს შაქრიანი დიაბეტი. გიუნაშვილი ასევე გამოირჩევა სუფთა წარსულით, იგი არც ადმინისტრაციულსახდელდებული და არც ნასამართლევი არ არის.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავით გიუნაშვილის ინტერესებს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში იცავს. კერძოდ, საქმეში ჩალაური და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (9445/09). საქმე შეეხება ცხინვალში უკანონო დაკავებას, იძულებით შრომას, წამებასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც 51 მომჩივნის, მათ შორის, დავით გიუნაშვილის, უფლებადარღვევებს აერთიანებს. 


გიუნაშვილი პროფესიით ინჟინერეკონომისტი და მშენებელია, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს, დოკუმენტები და ფული წაართვეს, თვალები აუხვიეს, ხელები უკან შეუკრეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. სამი დღის განმავლობაში ღია ორმოში მკაცრ პირობებში იმყოფებოდა, მოკვლით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი ცხინვალთან ახლოს რამდენიმე სამხედრო პოზიციის გავლით, იძულებული იყო ცხედრებისგან გაწმენდითი სამუშაო შეესრულებინა, მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემდნენ და ცხინვალის გადატვირთულ იზოლატორში მოათავსებდნენ, სადაც გიუნაშვილი კვლავ დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდა 2008 წლის 27 აგვისტოს გათავისუფლებამდე.


მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოსამართლეები უპირველესად თავისუფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ჭრილში განიხილავდნენ ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების/პატიმრობაში პირის დატოვების საკითხს.  კონკრეტული სახის აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა.


დავით გიუნაშვილის მაგალითი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მდგენელის რისკი, სასამართლო სისტემატურად უგულებელყოფს ყველა იმ გარემოებას, რაც შესაძლოა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდეს და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ყველა ეტაპზე კვლავ მხოლოდ ტექნიკურად ამოწმებს პროკურატურის არგუმენტაციას.



1 ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ბრალდებულები: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.

 2 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 198 (5)

3  2025 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომა.

4  თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა - თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა - ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად- ECtHR, ამბრუსკიევიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, პარ. 31; ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად - აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები, საია, 2020, გვ.56, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.crdownload_01722933029.pdf (განახლებულია: 17.04.2026).

5  სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები, ტენდენციები და არსებული გამოწვევები, საია, 2021, გვ.52. ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/4-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%20(1).pdf (განახლებულია:17.04.2026).

6 „საიას შეფასება აქციების კონტექსტში დაკავებული 11 პირის საქმეზე: პატიმრობა კვლავ დაუსაბუთებლად რჩება ძალაში“, საია, 11. 01.2025, ხელმისაწვდომია: GYLA (განახლებულია:17.04.2026). ასევე იხილეთ - საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს, საია, 25.12.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/sisxlissamartlissaqmeta-monitoringi. (განახლებულია:17.04.2024).

ასევე იხილეთ - საიას შეფასება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის შესახებ, საია, 25.09.024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gylas-assessment-on-the-case-of-saba-mefarishvili-and-omar-okribelashvili-who-were-arrested-during-the-protest-against-the-russian-law (განახლებულია:17.04.2026).

7 „თქვენ ასამართლებთ 70 წლის დევნილს, რომელიც აპროტესტებდა რუსულ რეჟიმს და გინდათ, გვქონდეს მოლოდინი, რომ მართლა შეგიძლიათ, პატიმრობა შეუცვალოთ რომელიმეს. თქვენ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ პოლიტიკური კარნახის გარეშე“, ადვოკატი მოსამართლე“, პუბლიკა, 15.04.2026, ხელმისაწვდომია: (2) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,... - პუბლიკა • Publika | Facebook. (განახლებულია:17.04.2026).


სხვა სიახლეები