სიახლეები

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა განვითარების შესაძლებლობების შექმნა და გენდერულად მოტივირებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებია.
საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში. “ქართული ოცნება” გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები.1 ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით.2 აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს3 და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში.
მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირს ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან და ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო.
ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო.4 საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს “უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა”.5 სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის.6 გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად.7 კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.
ამასთან, კვლავ ძალაშია ქართული ოცნების მიერ, 2024 წლი სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან.8
ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.
მიუხედავად უფლებადამცვლეთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტადარტებთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არასებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას.9
გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა.10
პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებსითვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის.11 წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.12
ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონიმიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიეტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაცის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.13 კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას.14 კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო.15
ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება.16 შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.17
ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, “ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მსარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად”18 წარმოაჩენს. აღნოშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა.
1 Amnesty International, FROM INSULTS TO ASSAULTS: WEAPONIZING GENDER-BASED VIOLENCE AGAINST WOMEN PROTESTORS IN GEORGIA, 2025, https://eurasia.amnesty.org/wp-content/uploads/2025/05/from-insults-to-assaults-police-violence-towards-women-protesters-in-georgia.pdf, ასევე საია, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება, 10 დეკემბერი 2025, 41-42,
2 იქვე.
3 ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს თანახმად, გაშიშვლებით პირადი ჩხრეკა დაუშვებელია ავტომატური ან განუსაზღვრელი პრაქტიკის სახით. ასეთი ჩხრეკა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. როდესაც არსებობს პირადი ჩხრეკის გაშიშვლების ფორმით ჩატარების აუცილებლობა, დაკავებულს არ უნდა მოეთხოვოს ერთდროულად ყველა ტანსაცმლის გახდა და უნდა მიეცეს საშუალება, ჯერ ტანის ზემოთ გაიხადოს, ჩაიცვას და ამის შემდეგ გაიხადოს დარჩენილი ტანსაცმელი. იხილეთ CPT/Inf (2025) 11, https://rm.coe.int/1680b4e6af; იხილეთ ასევე: „საია ეხმიანება დაკავებულთა გაშიშვლების დაუშვებელ პრაქტიკას“, 29.03.2025, https://www.gyla.ge/post/saia-exmianeba-dakavebulta-gashishvleblis-dausjvebel%20praqtikas;
4 საია, ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება, 10 დეკემბერი 2025, 41-42.
5 იხილეთ კანონის განმარტებითი ბარათი https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/381678
6 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, მუხლი 3, პუნქტი გ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0
7 Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, par. 43, https://rm.coe.int/ic-and-explanatory-report/16808d24c6,
8 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილბებს ეხმაურება, 20.09.2024, https://gyla.ge/post/saqartvelos-akhalgazrda-iuristta-asociacia-diskriminaciul-adamianis-uflebebis-da-demokratiis-tsinaaghmdeg-mimartul-sakanonmdeblo-cvlilebebs-ekhmaureba,
9 საია, სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, 2024, 41-42, https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/genderi_geo.pdf.crdownload
10 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2025, 244-245, https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf,
11 იქვე, 247-248.
12 იქვე, 249-250.
13 E/C.12/GEO/CO/3, პარ. 25.
14 იქვე.
15 იქვე, პარ. 39.
16 UN Women, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში, 2025, 6, https://georgia.unwomen.org/sites/default/files/2025-06/workplace_sexual_harassment_in_the_private_sector_in_georgia_geo.pdf
17 იქვე, 7-8.
18 მაგალითად, იხილეთ განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის 2 აპრილს მიიღო: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/381678
გააზიარე: