GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 ივნისი, 202610:54

ბოლო ხანებში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ადვოკატებსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებს დააკისრეს ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათ ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.1 აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა და ინფორმაციის გასაჯაროება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.2


საიას შეფასებით, მართალია, კანონმდებლობა გამოძიების ინტერესების, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისა და პროცესის მონაწილეთა დაცვის მიზნით ითვალისწინებს საქმის მასალების გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას,3 თუმცა აღნიშნული უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ, ინდივიდუალურად დასაბუთებულ გარემოებებს და ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი შეზღუდვა შეიძლება გადაიზარდოს, მათ შორის, დაცვის მხარის / დაზარალებულის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვაში.


კერძოდ, უნდა არსებობდეს მკაფიო დასაბუთება, თუ რა კონკრეტულ საფრთხეს უქმნის ინფორმაციის გავრცელება გამოძიების ინტერესებს, მოწმეების უსაფრთხოებას, მტკიცებულებების მოპოვებას ან მართლმსაჯულების განხორციელებას. მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის ფაქტი თავისთავად ვერ გაამართლებს ინფორმაციის სრულად გასაიდუმლოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა გამოძიების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, არამედ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეების, მათ შორის, დაცვის მხარისა თუ დაზარალებულის, საჯარო აქტივობისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „იმის გადაწყვეტა, თუ რა სახის ინფორმაცია აზიანებს ან მომავალში დააზიანებს გამოძიებას, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაფასებელი მოცემულობაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, ცხადია, რომ აღნიშნული შეფასებისას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო, იგი უპირობოდ მოითხოვს საკითხის კეთილგონივრულ გადაწყვეტას და ყველა ჩართული კანონიერი ინტერესის შესაბამისად გათვალისწინებას.“4


პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება პრაქტიკულად წარმოადგენს საგამოძიებო, პროკურატურის და სასამართლო ორგანოების დისკრეციას, რომელიც არავითარი კრიტერიუმით არ არის შეზღუდული. ასეთი ტიპის დისკრეციასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური, მიკერძოებული მოქმედების მეტი რისკი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში.“5


საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა ერთი კრიტერიუმი, როცა გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ინტერესი გადაწონის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საიდუმლოების დაცვის ინტერესს: „[…] მაგალითად, მასალების დაცვის ინტერესი საერთოდ არ იარსებებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოძიების ორგანო თავად ახდენს მათ გასაჯაროებას ან ინფორმაცია საჯარო ხდება სხვა წყაროების (მასმედიის [...]) მეშვეობით.“6


აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც 2025 წლის შემდგომ განსაკუთრებით გამწვავდა სისხლის სამართლის პროცესების გამჭვირვალობისა და საჯაროობის კუთხით არსებული გამოწვევები და მედია სრულყოფილად ვეღარ აშუქებს სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სხდომებს.7


ამგვარი მიდგომა არ შეესაბამება მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ე.წ გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება პირდაპირ გავლენას ახდენს დაცვის მხარის მიერ არჩეულ სამართლებრივ და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ადვოკატით სარგებლობისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების, პროფესიულ და საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობისა და ბრალდების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირწონე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობასაც. შესაბამისად, როდესაც დაცვის მხარეს ეკრძალება საქმის გარემოებებზე საუბარი, აღნიშნული შეიძლება შეფასდეს ადვოკატის პროფესიული საქმიანობისა და დაცვის სტრატეგიის განხორციელებაში ჩარევად. აღნიშნულს თან უნდა ახლდეს ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში მკაცრი სასამართლო კონტროლი.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ სს საქმის მასალების გაუმჟღავნებლობის ვალდებულების მიზანი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა უკავშირდებოდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას და ბრალდებულის ინტერესების უზრუნველყოფას. თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მაშინ, როდესაც საქმე უკვე ფართოდ არის გაშუქებული, ხოლო ბრალდებულთა ვინაობა და მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები საზოგადოებისთვის ცნობილია. ასეთ ვითარებაში, თუ ბრალდების მხარე ინარჩუნებს საჯარო კომუნიკაციის შესაძლებლობას, ხოლო დაცვის მხარეს ან დაზარალებულს ეკრძალება საკუთარი პოზიციის გახმოვანება, იქმნება ცალმხრივი საინფორმაციო გარემო, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში წინასწარ ჩამოაყალიბოს წარმოდგენები, მათ შორის, ბრალდებულთა დამნაშავეობის შესახებ. შედეგად, შეზღუდვა პრაქტიკაში შესაძლოა სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის საწინააღმდეგო შედეგსაც იწვევდეს და სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე ხელს უწყობდეს ბრალდებულთა დამნაშავე პირებად აღქმას.


ამასთან, მსგავსი შეზღუდვების გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე და ფართოდ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს. ასეთ საქმეებზე მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების მიერ მისი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის საქმის გარემოებებზე საჯარო კომენტირების შესაძლებლობის შეზღუდვა, სათანადო და ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე, შესაძლოა აღქმულ იქნეს არა მხოლოდ გამოძიების ინტერესების დაცვის საშუალებად, არამედ გამოძიების შესაძლო ხარვეზების, პროცესუალური დარღვევების ან სხვა ნაკლოვანებების საჯარო განხილვის თავიდან აცილების მექანიზმად.


დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლის ფუნდამენტურ პრინციპებს. როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა არათანაზომიერად იზღუდება, საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა, მიიღოს მრავალმხრივი და დაბალანსებული ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. შედეგად, საზოგადოებრივი დისკუსია ეფუძნება არასრულ ან ცალმხრივ ინფორმაციას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების პროცესისადმი ისედაც შერყეულ ნდობას და აჩენს ეჭვებს პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით.



1 იხ. ნაცემი გორელების ადვოკატებს პროკურატურამ საუბარი აუკრძალა - მოძალადე პოლიციელების საქმე, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 03.06.2026, ხელმისაწვდომია, https://shorturl.at/6hylN, „ასეთი აბსურდი არასდროს მინახავს“ - ჯაშუშობის მუხლით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინეს, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 31.05.2026. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33769496.html . სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს - ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულს აღიარებს, ტვ პირველის ვებგვერდი, 08.05.2026, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/127207-spetsrazmelebis-saqmes-gripi-daades-ert-erti-dakavebuli-danashauls-agiarebs. განახლებულია: 04.06.2026.

2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 374.

3 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით - „პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით, ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამასთან მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/3/1312 გადაწყვეტილება საქმეზე კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-45.

5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-55.

6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/3/1312 გადაწყვეტილება საქმეზე კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-47.

7 „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს“, საია, გვ. 25. ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%202025%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf . განახლებულია: 06.04.2026.


სხვა სიახლეები