სიახლეები

2025 წლის 16 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა (შემდგომში „Memorial”) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინეს მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae) საქმეზე Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24.
წერილობით პოზიციაში მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ იმეორებს რუსეთის „უცხოური აგენტების“ კანონს, რაც სერიოზულ რისკს უქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოს შესაბამისობას კონვენციურ სტანდარტებთან. პოზიციაში მითითებულია, რომ ქართული კანონის მსგავსად, რუსეთის „უცხოური აგენტების“ კანონი თავდაპირველად წარმოდგენილი იყო, როგორც გამჭვირვალობის ღონისძიება, თუმცა საბოლოოდ ამ კანონის მოქმედებამ გაანადგურა ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სივრცე.1
ორგანიზაციები წარმოდგენილ პოზიციაში ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) და უთითებენ, რომ საქართველოსა და რუსეთში მოქმედი კანონები - ასევე მათი შემდგომი განვითარება - წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტექსტს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონვენციის მე-18 მუხლის შეფასებისას.2 კერძოდ, პოზიციის ავტორები მიუთითებენ რუსეთში განვითარებულ პრაქტიკაზე, რომ 2022 წლიდან მოყოლებული რუსეთში 247 ჟურნალისტი/მედიასაშუალება, ხოლო 2025 წლის ივლისის მდგომარეობით 1040 ფიზიკური/იურიდიული პირი იყო აღრიცხული „უცხოელ აგენტად“.3 2025 წლის იანვრიდან ამ სიას დაემატა 133 პირი, რომლებიც იყვნენ ადამიანის უფლებების გამორჩეული დამცველები, მათ შორის ისინი ვინც იყვნენ ასოცირებული ნობელის პრემიის ლაურეატებთან, „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ (Amnesty International), Memorial-თან, აგრეთვე, პოლიტიკური ფიგურები და ოპოზიციურად განწყობილი ყოფილი რუსი დიპლომატები. ავტორების მოსაზრებით, რუსეთში განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოსთან მიმართებით არსებულ საქმეში სასამართლომ უნდა იმსჯელოს მე-18 მუხლის ფარგლებშიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვა ხდება ავტორიტარული პრაქტიკის ფარგლებში.4
წარდგენილი პოზიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონი, როგორც რუსეთში მოქმედი კანონი, იწყება მოჩვენებითი გამჭვირვალობის პრინციპით, მაგრამ შემდეგ გარდაიქმნება უფრო ფართო რეპრესიად, რაც საქართველოს შემთხვევაში გამოიხატა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებითა და „გრანტების კანონში“ შესული ცვლილებებით.5 ავტორების პოზიციით, აღნიშნული ასახავს რუსეთში 2012 წლის შემდგომ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.6
1 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center, მესამე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრება (amicus curiae) საქმეზე Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia, no. 31069/24, 16.09.2025, გვ. 1.
2 იქვე, გვ. 2.
3 იქვე, გვ. 3.
4 იქვე.
გააზიარე: