სიახლეები

2025 წლის 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სტორიმანს-ფერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (no. 26302/10) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სტან სტორიმანსის წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილი. მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Stichting Justice Initiative-თან ერთად იცავდა.
სტან სტორიმანსი, რომლის მეუღლე და შვილებიც იყვნენ საქმის ფარგლებში მომჩივნები, 2008 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10:45 საათზე, ქალაქ გორში, სავარაუდო სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. გარდა ამისა, მძიმე დაზიანებები მიიღეს სხვა მომჩივნებმაც. სამივე მათგანი სამხედრო კონფლიქტის გაშუქებისას, როგორც ჟურნალისტები, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. იმავე დღეს, ევროპის კავშირის ჩართულობით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
2008 წლის 25 აგვისტოს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინციდენტის გამოსაძიებლად საგამოძიებო მისია დანიშნა, ხოლო იმავე წლის 20 ოქტომბერს ნიდერლანდების საგამოძიებოს მისიის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა,1 რომ გორში, სარაკეტო დარტყმა, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა. ასევე, ანგარიში უთითებდა, რომ აღნიშნული ტიპის რაკეტა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში მოიპოვებოდა.2
2008 წლის 23 ოქტომბერს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ სტორიმანსის გარდაცვალების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია ექსპერტის ანალიზისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა. ასევე, განცხადებაში მითითებული იყო, რომ ნიდერლანდების გამოძიების მიერ მოწოდებული მონაცემები იმ ფრაგმენტების წარმომავლობის დასადგენად, რომლებმაც, სავარაუდოდ, სტორიმანსის სიკვდილი გამოიწვია, ან იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ იგი რუსული მხარის მიერ იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა, არასაკმარისი იყო.3 2009 წლის 28 ოქტომბერს გამოძიება სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო დანაყოფს გადაეცა, თუმცა მომჩივნის საქმესთან დაკავშირებით შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა.
მომჩივნებმა სადავოდ გახადეს საქმეში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ (II) სასამართლოს ის მიგნებები, რომელთა მიხედვითაც, საომარი მოქმედებების 5-დღიანი აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები კონვენციის 1-ლი
მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არ ხვდებოდა. აქვე, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ნებისმიერი მიდგომა, რომელიც არსებულ საჩივარში არსებული კონკრეტული ფაქტების დეტალური შეფასების გარეშე, მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციას გამორიცხავდა, კონვენციის სულისკვეთებასა და მასში განმტკიცებულ გარანტიებს ეწინააღმდეგებოდა.4
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში „უკრაინა და ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ“ არსებული დასკვნები ცალკეული შეიარაღებული კონფლიქტის კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებების საფუძვლიან შესწავლას ეფუძნებოდა და შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ სასამართლომ იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დასკვნა მიიღოს, რაც მიღებულია საქმეში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის საჩივარზე კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილთან მიმართებით. კერძოდ, გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორებიცაა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნებია მოხმობილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გამოძიების ჩაუტარებლობაზე უთითებენ. გარდა ამისა, აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ 2008 წელს საქართველოში მომხდარ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან მის შემდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე იყო გასამართლებული.5
ბრალდებების სიმძიმისა და ნიდერლანდების გამოძიების მიერ მოწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება ზოგადი უარყოფებითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით შემოიფარგლა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ნავარაუდევი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, მათ სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული საგამოძიებო ზომები არ მიიღეს. ასევე, როდესაც საქმე კონფლიქტის ზონაში მყოფ სამხედრო დანაშაულების საგამოძიებო დანაყოფს გადაეცა, მომჩივანს გამოძიებაზე წვდომა შეეზღუდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს საქმის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევას. სასამართლომ მომჩივნების სასარგებლოდ, მორალური ზიანისთვის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციას 10 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
1 § 9.
2 იქვე.
3 § 10.
4 § 22.
5 § 36.
გააზიარე: