GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 აპრილი, 202613:20

საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობა უკვე წლებია პრობლემად რჩება.  წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, დანაშაულების სათანადოდ გამოვლენის, გამოძიების პრობლემები და კოორდინირებული პოლიტიკის გამოწვევები. წინამდებარე შეფასებაში გაანალიზებულია საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ  ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების გათვალისწინებით. 

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა

ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სტატისტიკის წარმოება საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება.  ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არც ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არც ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება.1 მიუხედავად ამისა, გარკვეული ინდიკატორებით შესაძლებელი არის წარმოდგენის შექმნა ძალადობის მასშტაბზე. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის, სექსუალური ექსპლოატაციის, ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა/გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.2 ამავე წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი. 3



წყარო: 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. გვ. 342.


წყარო: საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები.

ერთი მხრივ, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მაჩვენებლის ცვლილება შესაძლოა არა თავად შემთხვევების რაოდენობის ცვლილებასთან, არამედ დანაშაულის გამოვლენის ზრდასთან/კლებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ხელმისაწვდომი მონაცემები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ იცვლება, 4 რასაც თან ახლავს წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან გადაუჭრელი პრობლემები. 

საერთაშორისო-სამართლებრივი ჩარჩო და ლანზაროტის კონვენციის 4 პრინციპი

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების აქტუალური საკითხია და სახელმწიფოსთვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებას წარმოადგენს. ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, წამების აკრძალვისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებებიდან გამომდინარე ვალდებულებაა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო პაქტის მე-7 და მე-17 მუხლები). 5 გარდა ამისა, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის 34-ე მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს   ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება ბავშვების სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისაგან დასაცავად. 6 ამასთან, ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმი.7 სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისთვის განსაკუთრებული ზომების მიღებას ითვალისწინებს, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია). 8

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმია ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ (ლანზაროტის კონვენცია). 9იგი ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვისკენ მიმართული პირველი რეგიონული საერთაშორისო ხელშეკრულებაა. 10 ლანზაროტის კონვენცია კანონმდებლობის და პოლიტიკის მინიმალურ სტანდარტებს აწესებს და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჰოლისტიკურ მიდგომას უჭერს მხარს. ამ მიზნით, ლანზაროტის კონვენცია (სტამბოლის კონვენციის მსგავსად) 4 ძირითად პრინციპს ეყრდნობა: პრევენცია, დაცვა, დამნაშავეთა დასჯა, თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.11

  1. პრევენცია

პრევენცია მოიცავს ბავშვების განათლებას, ბავშვებთან მომუშავე პირების ტრენინგს და ცოდნის გაღრმავებას, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისა და პრევენციის მიზნით, პოტენციური მოძალადისთვის პრევენციული ინტერვენციის პროგრამის არსებობას.12

ბავშვთა მიმართ ძალადობის (მათ შორის, სექსუალური ძალადობის) წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებისკენ საქართველოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმაც მოუწოდა 2024 წელს. 13 კომიტეტმა ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შეუტყობინების და დროული გამოვლენის დაბალი მაჩვენებლის გამო და გასცა რეკომენდაცია, შექმნილიყო კონფიდენციალური, მისაწვდომი და ბავშვებზე მორგებული მექანიზმები ბავშვთა მიმართ ძალადობის შეტყობინების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის. 14 კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა კვალიფიკაციის დაბალი დონეზე.15

საქართველოში ბავშვთა ინფორმირებულობა, მათი ასაკის შესაბამისად, ძალადობისა და უფლებების დაცვის საშუალებების შესახებ, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.  საგანმანათლებლო სისტემაში ადამიანის სექსუალობის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება (CSE) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში სუსტად არის წარმოდგენილი. 16 სკოლა ვერ აწვდის ბავშვებს და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გრძნობებისა და სხეულის, ძალადობის, ჯანსაღი ურთიერთობების და ამასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც ბავშვებს და მოზარდებს შესაძლებლობას მისცემდა, ამოიცნონ შესაძლო ძალადობრივი ქცევა და განაცხადონ ამის თაობაზე. 17

  1. დაცვა 

დაცვა მოიცავს როგორც სატელეფონო და ონლაინ ცხელი ხაზების შექმნას, მსხვერპლების და მათი ოჯახების მხარდამჭერი სერვისების შექმნას, ბავშვებზე მორგებულ მართლმსაჯულებას და მათი მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვას. 18

მიუხედავად წლების განმავლობაში ამ მხრივ გადადგმული გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, დაცვის კუთხით კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევა რჩება. მათ შორის, პრობლემურია მხარდამჭერ სერვისებზე მოსაწვდომობის ნაკლებობა. ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და ასევე, მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”.  19 მართალია, 2022 წელს ამ ცენტრის შექმნა 20 დადებითი მოვლენა იყო, თუმცა ეს ცენტრი კვლავ მხოლოდ თბილისში არის ხელმისაწვდომი, რაც  ნიშნავს რომ ცენტრის სერვისები გეოგრაფიული მისაწვდომობით არ ხასიათდება, რის პრობლემურობასაც ხაზს უსვამს როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, 21 ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი. 22

გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემებით ხასიათდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად. 23

პრობლემურ საკითხად რჩება გამოძიების პროცესში ბავშვთა მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება „X საქართველოს წინააღმდეგ“ (35640/22), რომელშიც არაერთი სისტემური პრობლემა ნათლად არის ილუსტრირებული. 24 გადაწყვეტილება შეეხება 2021 დაწყებულ გამოძიებას ბავშვზე სისტემატური სექსუალური ძალადობის შესახებ. აღნიშნულ საქმეში სახელმწიფომ არაეფექტიანი და გაჭიანურებული გამოძიებით კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები დაარღვია. ამავე საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე საქალწულე აპკის ექსპერტიზით, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე, არასაჭირო იყო, მოხდა მეორეული ვიქტიმიზაცია. 25 მეორეული ვიქტიმიზაციის გამომწვევი იყო ისევე ასევე გამოძიების ეტაპზე, მსხვერპლისთვის დასმული შეკითხვები იმის შესახებ, სურდა თუ არა მას სავარაუდო მოძალადის ყურადღება, რადგან ამ კითხვებს შესაძლოა მსხვერპლის მიერ საკუთარი თავის დადანაშაულება და დამცირების განცდა გამოწევია. 26

ამავე საქმეში, ასევე, ევროპულმა სასამართლომ პრობლემურად მიიჩნია ის, რომ მსხვერპლის ჩვენების ვიდეოჩაწერა არ მომხდარა. 27 მსხვერპლის ჩვენების ვიდეოჩაწერის პრაქტიკის დამკვიდრებისკენ საქართველოს მოუწოდებენ როგორც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, 28 ასევე სახალხო დამცველი.29 იმის გამო, რომ გამოკითხვის ვიდეო-აუდიოჩანაწერი არ დაიშვება მტკიცებულებად და სავალდებულოა გამოკითხვის ბეჭდური ოქმის შედგენა, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში“ ბავშვის გამოკითხვის პროცესს არაერთი პირი ესწრება და დამატებით, ბავშვს უწევს დაყოვნება ბეჭდური ოქმის შედგენისთვის საჭირო დროით. 30

  1. დამნაშავეთა დასჯა

დამნაშავეთა დასჯა მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩოს ლანზაროტის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას, კონვენციით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულების კრიმინალიზებას და მათი დასჯადობის უზრუნველყოფას. 31

საქართველოში საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზიანობაზე მიუთითებს როგორც ბავშვის უფლებათა კომიტეტი,32 ისე სახალხო დამცველი,33 რომლებიც, მათ შორის, ხაზს უსვამენ „გაუპატიურების“ საკანონმდებლო განმარტების პრობლემურობას (რადგან განმარტება ემყარება ძალადობის და არა თანხმობის კომპონენტს). 

ამასთან, სახალხო დამცველის მიხედვით,34 გამოწვევას წარმოადგენს აგრეთვე ქვედა ასაკობრივი ზღვრის არარსებობა, რომლის ქვემოთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეღწევა პირდაპირ გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება. 35

გარდა ამისა, ლანზაროტის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს ლანზაროტის კონვენციის მე-18 მუხლის 1.ბ პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად, უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის დებულებები ახდენდეს ნდობის, ავტორიტეტის ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით პირის მიერ ნებისმიერი ასაკის ბავშვთან, მათ შორის, სექსუალური ურთიერთობისთვის კანონით დადგენილ მინიმალურ ასაკს მიღწეულ ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზებას. 36 ასევე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მიიღოს საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რათა უზრუნველყოს ბავშვების სექსუალური მიზნებისთვის გადაბირების (გრუმინგის) კრიმინალიზება. 37

აქვე, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქმეში „X საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებული შეფასებით, „საერთო ჯამში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფო აღჭურვილია ბავშვთა მიმართ სექსუალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისათვის სათანადო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოთი“.38 ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სქესობრივი დანაშაულებისთვის ბავშვის მიმართ ქმედების ჩადენა დამაძიმებელი გარემოებაა.39 ამას გარდა, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი ჩარჩო სექსუალური ძალადობის საქმეებში არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე ან მსხვერპლის ფიზიკურ წინააღმდეგობაზე ყურადღების გამახვილებით და ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მსხვერპლზე ზემოქმედება მოხდეს ძალის გამოყენების მუქარით ან სხვადასხვა ფორმის ფსიქოლოგიური იძულებით. 40 დამატებით, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა კიდევ უფრო შორს მიდის და კრძალავს სექსუალური შინაარსის ქმედებას ზრდასრულსა და 16 წლამდე პირს შორის, მაშინაც კი, თუ ბავშვი თითქოს თანხმობას გამოხატავს. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამგვარად, საქართველოს კანონმდებელმა საკუთარ სამართლებრივ ჩარჩოში ასახა ლანზაროტის კონვენციის 18-ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის ქცევის კრიმინალიზაციას ზრდასრულსა და ბავშვს შორის, რომელსაც ჯერ არ მიუღწევია შესაბამისი სამართლებრივი ასაკისთვის. 41

გარდა საკანონმდებლო ჩარჩოსი, მნიშვნელოვანია ეფექტიან გამოძიებასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გამოწვევები. გაეროს ავშვის უფლებათა კომიტეტი ძალადობის გამოვლენილ შემთხვევებზე შეზღუდულ რეაგირებას გამოწვევად მიიჩნევს და მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის დროული და ეფექტიანი გამოძიება და უზრუნველყოს დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა მათი დანაშაულების სიმძიმის შესაბამისი სასჯელებით.42 გამოძიების გაჭიანურება, საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს არასენსიტიური დამოკიდებულება და დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმა გახდა დარღვევის საფუძველი საქმეში X საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, ეროვნული ორგანოების დასკვნა, რომ მსხვერპლს რაიმე სახის ზიანი არ მიუღია მეტყველებს ეროვნული ორგანოების ნების არარსებობაზე, არსებითი გამოძიება ჩატარებინათ მსხვერპლის სერიოზულ ბრალდებებთან დაკავშირებით. 43

  1. თანამშრომლობა 

თანამშრომლობა მოიცავს როგორც ეროვნულ დონეზე სხვადახვა უწყებათა კოორდინაციას, ასევე, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას მონაცემების და გამოცდილებების გაზიარების გზით.

სხვადასხვა უწყებათა კოორდინაცია და კოორდინირებული პოლიტიკის არსებობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი თავის დასკვნით შეფასებებში ყურადღებასს ამახვილებს საქართველოში ძალადობის პრევენციაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის არასათანადო კოორდინაციაზე.44

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახალხო დამცველი დადებითად აფასებდა  2024 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პოლიტიკის გამკაცრების, მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის, პრევენციისა და ბავშვების მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს (კერძოდ, სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, მსჯავრდებულთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმების ინიცირება, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის დაწყება და პრევენციული შეხვედრები)45 და სახელმწიფოს აღნიშნული ინციატივების დროული და ეფექტიანი განხორციელებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, მას შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საერთოდ გაუქმდა, 46 ხოლო 2024 წელს ინიციირებული ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა. 47

შეჯამება 

ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ბავშთა მიმართ სექსუალური ძალადობის და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰოლისტიკურ, კომპლექსურ ძალისხმევას საჭიროებს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში, წლების განმავლობაში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ მრავალი გამოწვევით და სისტემური პრობლემით ხასიათდება, რაც ასახულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ანგარიშებსა და შეფასებებში. განსაკუთრებით საყურადღებოა, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ჩარჩოს არასრულფასოვნება, მეორე მხრივ, პრაქტიკაში, ძალადობის შეტყობინების და გამოვლენის პრობლემები, საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა კვალიფიკაცია, გამოძიების პროცესში მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია და მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ უწყებათა თანამშრომლობა და კოორდინირებული პოლიტიკისა და ამომწურავი მონაცემების არსებობის პრობლემები, მათ შორის, ერთიანი, სათანადო სტატისტიკის არარსებობა.



1  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 340 https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf, [21.04.2026].

2  იქვე, გვ. 342

3  იქვე.

4  იქვე, გვ. 342.

5  მაგალითად, იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება X v. Georgia (35640/22).

6 იხილეთ კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 34, https://matsne.gov.ge/document/view/1399901?publication=0, [21.04.2026].

7  იხილეთ ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, https://matsne.gov.ge/document/view/1203722?publication=0, [21.04.2026].

8  იხილეთ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (მაგალითად, მუხლები 46.დ, 56.2),  https://matsne.gov.ge/document/view/3789678?publication=0, [21.04.2026].

9  იხილეთ ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ, https://matsne.gov.ge/document/view/2684715?publication=0. [21.04.2026].

10  Council of Europe, A global tool to protect children from sexual violence - Lanzarote Convention, 2019, https://edoc.coe.int/en/sexual-exploitation-of-children/7871-a-global-tool-to-protect-children-from-sexual-violence-lanzarote-convention.html [21.04.2026].

11  4 Ps approach: Prevention, Protection, Prosecution and Promotion of national and international cooperation. იხილეთ: Council of Europe, A global tool to protect children from sexual violence - Lanzarote Convention, 2019, https://edoc.coe.int/en/sexual-exploitation-of-children/7871-a-global-tool-to-protect-children-from-sexual-violence-lanzarote-convention.html [21.04.2026].

12  Council of Europe, A global tool to protect children from sexual violence - Lanzarote Convention, 2019, https://edoc.coe.int/en/sexual-exploitation-of-children/7871-a-global-tool-to-protect-children-from-sexual-violence-lanzarote-convention.html [21.04.2026].

13 Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 23(e)(j).

14  იქვე, პარ. 22(c), 23(e).

15  იქვე, პარ. 22(d).

16  საია, სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი, გვ. 82 https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/genderi_geo.pdf.crdownload [21.04.2026].

17  იქვე.

18  Council of Europe, A global tool to protect children from sexual violence - Lanzarote Convention, 2019, https://edoc.coe.int/en/sexual-exploitation-of-children/7871-a-global-tool-to-protect-children-from-sexual-violence-lanzarote-convention.html [21.04.2026].

19  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 343 https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf,  [21.04.2026].

20  UNICEF Georgia, საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი ცენტრი გაიხსნა, 11.07.2022

21  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 343 https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf, [21.04.2026].

22  Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 22(e).

23  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 343 https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf, [21.04.2026].

24  მაგალითად, იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება X v. Georgia (35640/22).

25  იქვე, პარ 128.

26 იქვე, პარ 129.

27  იქვე.

28  Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 23 (g).

29  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2025, გვ. 329, https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf [21.04.2026].

30  იქვე.

31  Council of Europe, A global tool to protect children from sexual violence - Lanzarote Convention, 2019, https://edoc.coe.int/en/sexual-exploitation-of-children/7871-a-global-tool-to-protect-children-from-sexual-violence-lanzarote-convention.html [21.04.2026].

32  Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 22 (b).

33  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 342, https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf, [21.04.2026].

34  იქვე.

35  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, ასეთი ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით - სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული ცალკე არის მოცემული გაუპატიურების მუხლისაგან (კოდექსის 137-ე მუხლი), იმის გათვალისწინებით რომ ამ დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციებიც ერთმანეთის მსგავსია (140-ე მუხლი სანქციად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, ხოლო 137-ე მუხლი - თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან რვა წლამდე) კოდექსი არსებული მდგომარეობით მაინც ითვალისწინებს ასაკობრივ ზღვარს.

36  ლანზაროტის კომიტეტი, ბავშვთა დაცვა ნდობის წრეში სექსუალური ძალადობისგან: სამართლებრივი ჩარჩოები, 2025, რეკომენდაცია 3, https://www.coe.int/en/web/children/3rd-monitoring-round, [21.04.2026].

37  იქვე, რეკომენდაცია 10.

38  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება X v. Georgia (35640/22), პარ. 120.

39  იქვე, პარ. 117.

40  იქვე, პარ. 118. აქ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი, განსავევებით 137-ე მუხლისაგან (გაუპატიურებისაგან), ასევე მოიცავს ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ჩადენილ ქმედებას. იგი მოიცავს როგორც შეღწევით, ისე მის გარეშე ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქცევას.

41  იქვე. პარ 119.

42  Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 22(c), 23(a).

43 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება X v. Georgia (35640/22), პარ. 124.

44  Committee on the Rights of the Child, Concluding observations on the combined fifth and sixth periodic reports of Georgia, 2024, CRC/C/GEO/CO/5-6, პარ. 22(d).

45  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2025, გვ. 327, https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf, [21.04.2026].

46  პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დოკუმენტის ნომერი 693-IIმს-XIმპ, იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6534876?publication=0, [21.04.2026].

47  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2026, გვ. 343 https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf, [21.04.2026].












სხვა სიახლეები