სიახლეები

2026 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ზურაბ მენთეშაშვილს საქართველოს პროკურატურა ედავებოდა შემდეგს - როგორც გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი 2025 წლის 31 ოქტომბერს იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის პოზიციით, ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა. ზემოთ აღნიშნულის გამო, 2025 წლის 3 ნოემბერს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოსამართლემ მენთეშაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის რედაქტირება აღმოჩნდა, რამაც მანამდე არსებული რეგულაციები სრულად შეცვალა. თუ ადრე შეკრების წესის დარღვევა მხოლოდ მძიმე შედეგის (მაგ. გარდაცვალება) დადგომისას იყო დასჯადი, 2025 წლის 16 ოქტომბრიდან კრიმინალიზდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა საავტომობილო გზაზე გადასვლა ან ნიღბის ტარება ადმინისტრაციული სახდელის შემდეგ. აღნიშნული ცვლილებები, მიუთითებს იმაზე, რომ ქმედებათა კრიმინალიზაცია არა მათი ობიექტური საშიშროების, არამედ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით მოხდა.
საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ პირველი წარდგენის სხდომაზე საია დაუსაბუთებლად აფასებდა ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახით პატიმრობის გამოყენებას. ამასთან საიას შეფასებით, ქმედება, რომლის ჩადენასაც ზურაბ მენთეშაშვილს ედავებიან, გამომდინარეობს მისი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლებიდან. აღნიშნული არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის საფრთხეს, მას არ გამოუწვევია ზიანი, განმეორების შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნება იმგვარი შედეგის მომტანი, რომლის პრევენციაც შესაძლოა საჭიროებდეს პირის თავისუფლების უფლებაში უხეშ ჩარევასა და მის საზოგადოებისგან იზოლაციას.1
საია კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს.2 როდესაც ფასდება უფლებაში ჩარევა, დაკისრებული სასჯელების ბუნება და სიმკაცრე არსებითი ფაქტორია.3 სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება ამ შემთხვევაში, ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს.4 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს,5 განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.6 შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.7
ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მკაცრი სასჯელით პირთა დაშინება. კანონმდებელს ფორმალურადაც კი არ შეუქმნია მოსამართლისთვის ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივებს შორის არჩევანი. ალტერნატიული სასჯელის არქონა არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ასეთ პირობებში, სასამართლო ფაქტობრივად იქცევა „მექანიკურ აღმასრულებელ რგოლად“.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, კერძოდ, საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებული შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.8
ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია, თავად საკანონმდებლო ცვლილება და შემდგომ მის საფუძველზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი მოქალაქეების მსჯავრდება კი ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამოხატულებაა.
1 საია ეხმიანება რუსთაველის პროტესტის სისხლის სამართლებრივ დევნას, საია, 04.11.2025, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/Rustavelis-protestis-sisxlissamartelbrivi-devna-GYLA .
2 Guidelines on Freedom of Peaceful Assembly SECOND EDITION, OSCE/ODIHR 2010, გვ- 9.
3 Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 146.
4 Rai and Evans v. the United Kingdom (dec.), 2009.
5 Akgöl and Göl v. Turkey, 2011, § 43.
6 Gün and Others v. Turkey, 2013, § 83.
7 “ქართული ოცნება“ ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს, საია, 13.10.2025, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/GYLA-avtoritaruli-kanonshemoqmedebis-shepaseba?fbclid=IwY2xjawNa1NdleHRuA2FlbQIxMABicmlkETFvUEdsSVFVYlo1cExxcldEAR5TTDJpXYSdrW6TIcbvNx95afS7L6alnIn3PzvP2ZD7DvzkZg3eTcP_txq12w_aem_8IxzRgLkk9uGYDwFWvUdyg .
8 სახალხო დამცველი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და პასუხისმგებლობის ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, საქართველოს სახალხო დამცველი, 20.01.2026, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/geo/konstitutsiuri-sarchelebi/sakhalkho-damtsveli-shekrebebisa-da-manifestatsiebis-chatarebis-tsestan-dakavshirebul-akrdzalvebsa-da-pasukhismgeblobis-normebs-sakonstitutsio-sasamartloshi-asachivrebs
გააზიარე: