GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 მაისი, 202609:34

2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი დაადგინა. კერძოდ, მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალად წარდგენილი უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება1 მიიჩნია დანაშაულის არასწორ კვალიფიკაციად, შეცვალა ბრალდების მხარის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის 318-ე მუხლით (საბოტაჟი) და ლევან ხაბეიშვილი შეცვლილი კვალიფიკაციით ცნო დამნაშავედ. ამასთან დამნაშავედ ცნო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების2 ნაწილშიც. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ლევან ხაბეიშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 2 წლითა და 5 თვის ვადით. სასამართლომ მურთაზ ზოდელავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.3


წინამდებარე განცხადებაში საია კრიტიკულად აფასებს სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილების ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეთი მიდგომით, იქმნება დასაბუთებული შთაბეჭდილება, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე პოზიციონირებს, როგორც ბრალდების მხარე. გამოდის, რომ, იმ პირობებში, როცა, სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც სასამართლოში ეკისრება მტკიცების ტვირთი, ვერ წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მის ფუნქციებს ითავსებდეს მოსამართლე და განაჩენის ეტაპზე ახდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რადიკალურად განსხვავებული მუხლით პირის ბრალდებას.


ცხადია, სასამართლოს, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არ ირღვევა ბრალდების უცვლელობის პრინციპი, როდესაც ქმედება ბრალის ორგანული ელემენტია და დაცვის მხარისთვისაც შესაძლოა განჭვრეტადი იყოს კვალიფიკაციის ცვლილება, შეუძლია შეცვალოს კვალიფიკაცია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლომ შეითავსა ბრალდების მხარის ფუნქციები.


სამართალწარმოების სამართლიანობა ფასდება მისი, როგორც მთლიანი პროცესის შეფასებით4. „[...] პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს“5. ამასთან, საქართველოს სსსკ–ის 38–ე მუხლის მე–5 ნაწილი ადგენს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბუნებრივია, თუ ბრალდებულმა არ იცის წინასწარ, გარკვეული დროით ადრე, მისთვის წარდგენილი (წარსადგენი) ბრალდების ფორმულირების შესახებ, იგი ვერ მოახერხებს სათანადოდ მომზადებასა და დაცვის პოზიციების შემუშავებას.


სწორედ პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება არის ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ და რა მოცულობით მოუწევს თავის დაცვა, როგორ წარიმართება გამოძიებასა და სასამართლოში საქმე, ბრალდების მხარის პოზიციის გამაბათილებელი რა მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული, რომ სასამართლო ეტაპზე შესაბამისად წარმართოს მტკიცებულებების გამოკვლევა (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა), ანუ დაგეგმოს დაცვის მთელი სტრატეგია და პროცესის განმავლობაში დაიცვას თავი. სულ სხვა რეალობის წინაშე დგება დაცვის მხარე, როდესაც სასამართლო მოულოდნელად გადააკვალიფიცირებს ბრალად წარდგენილ მუხლს არსობრივად და თვისებრივად განსხვავებულ მუხლზე, ანუ იმ მუხლზე, რომლის მიმართაც დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა დაეცვა თავი. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევაც სწორედ ეს არის. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ყველასათვის მოულოდნელად განაჩენს ადგენს თვისებრივად და არსობრივად მკვეთრად განსხვავებულ მუხლზე, ეს პირდაპირ არღვევს დაცვის მხარის ზემოთ ხსენებულ უფლებებს, რასაც ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი.


შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, პირის ბრალეულობა ამტკიცოს სწორედ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რათა, ერთი მხრივ, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოება და, მეორე მხრივ, წინასწარ, სათანადოდ, ჯეროვნად მოემზადოს დაცვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას.6


მართალია, საქართველოს სსსკ–ის 273–ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს საკუთარი ინიციატივით ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ეს არ უნდა იქნას აღქმული იმგვარად, რომ სასამართლოს მოქმედების აბსოლუტური თავისუფლება აქვს. პირიქით, ასეთი მოქმედება იმავე სსსკ–ის 38–ე მუხლის მე–5 ნაწილის დანაწესის წინააღმდეგ („ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის“) წარმოშობს ვითარებას, როცა ბრალდებულს არ აქვს ინფორმაცია ახალი (თუნდაც შედარებით მსუბუქი) ბრალდების შესახებ და შესაბამისად, არც შესაძლებლობა, მოამზადოს დაცვითი სტრატეგია ამ ბრალდების ირგვლივ.


კერძოდ, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ედებოდა კორუფციული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც დაკავშირებულია ქრთამის დაპირებასთან და საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერ ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენასთან, ხოლო სასამართლომ ქმედება გადააკვალიფიცირა სახელმწიფო უშიშროებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად - საბოტაჟად.


აღნიშნული დანაშაულები არსებითად განსხვავდება როგორც სამართლებრივი ობიექტით, ისე ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობით. კორუფციული დანაშაული უკავშირდება საჯარო მოხელის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ქონებრივი სარგებლის გზით, მაშინ როდესაც საბოტაჟი მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების, ეკონომიკური ან კონსტიტუციური სისტემის განზრახ დაზიანებისკენ. შესაბამისად, სახეზეა, არა მხოლოდ, სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილება, არამედ ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსის არსებითი ტრანსფორმაცია.


ასეთ პირობებში სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილება ფაქტობრივად შეგვიძლია შევაფასოთ პროკურატურის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებისგან დამოუკიდებელი ახალი დანაშაულის შემადგენლობად, რაც ბრალდებულს ართმევს შესაძლებლობას, წინასწარ იცოდეს და ეფექტიანად დაიცვას თავი იმ სამართლებრივი შეფასებისგან, რომელიც საბოლოოდ დაედო საფუძვლად განაჩენს. შესაბამისად, სასამართლო გასცდა ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას და შეითავსა ბრალდების მხარისთვის დამახასიათებელი როლი.


მოცემულ შემთხვევაში, მართალია საბოტაჟი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უფრო მცირე ვადით, ვიდრე ლ. ხაბეიშვილისთვის პირველ ეტაპზე ბრალად წარდგენილი ქმედება, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ აქცევს ასეთ ცვლილებას ბრალდებულის სასარგებლოდ განხორციელებულ ცვლილებად, ვინაიდან შეიცვალა არა მხოლოდ სანქცია, არამედ ბრალდების სამართლებრივი ბუნება, ობიექტი და მტკიცების საგანი.


მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმეში ასევე ფიგურირებდა ბრალდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით, აღნიშნული გარემოება ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ კორუფციული დანაშაულიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კვალიფიკაციის შეცვლით სასამართლომ მოახდინა ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსის სრული ტრანსფორმაცია, რამაც წაართვა ბრალდებულს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.


საგულისხმოა, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლემ ისეთი ფაქტები დაადგინა, რომლებიც თვისებრივად და არსობრივად ძალიან შორსაა წარდგენილი ბრალდების არსისგან, მაგრამ შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს, ქმედება არ უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდებული უნდა გამართლდეს.7


შესაბამისად, საიას შეფასებით მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სცდება კვალიფიკაციის შეცვლის დასაშვებ ფარგლებს, წარმოადგენს ბრალდების არსებით ტრანსფორმაციას და იწვევს დაცვის უფლებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.


ამასთან საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ საქმეზე მოხდა სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილება.8 რაც თავის მხრივ, პროკურატურის მხრიდან გაურკვეველი სისხლის სამართლის პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც, ძირითადად, იმ საქმეებში ვლინდება თვალსაჩინოდ, რომლებიც პოლიტიკური მდგენელის არსებობის მაღალ რისკს შეიცავენ.


საქართველოს პროკურატურა არის სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო. რომლის წარმომადგენლებსაც აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად უნდა ჰქონდეთ (და ივარაუდება, რომ აქვთ) შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია; ამასთან პროკურატურა ცენტრალიზებული უწყებაა, რომლის ფარგლებშიც, მართალია პროკურორი სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება იმდენად სუსტია ქართულ რეალობაში, რომ ქმედება კონკრეტული მუხლით კვალიფიკაციამდე ივარაუდება რომ გადის არაერთი პროკურორის კონტროლს, მით უფრო, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რის მიუხედავადაც ბრალდება მაინც ვერ ახერხებს წარდგენილი კვალიფიკაციით დააყენოს სასამართლოში განაჩენი.


ამასთან, საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა.


ხაზგასასმელია ქვეყანაში არსებული კონტექსტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ფართოდ გამოყენების ამჟამინდელი პრაქტიკა ქმნის მაღალ რისკს, რომ საქმეში პოლიტიკური ელემენტი იქნება წარმოდგენილი, რაც ძირს უთხრის მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირებას და ემსახურება პოლიტიკური დევნის მიზანს.9 მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიც ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის გამოყენების შერჩევით და ზოგჯერ თვითნებურ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა. ამასთანავე, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მსუსხავ ეფექტს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ანგარიში სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პატიმარი, განსაკუთრებით, ოპოზიციის წევრები და მომავალში თავიდან იყოს არიდებული პოლიტიკური მიზეზებით მათი დაკავება. ანგარიში ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისთვის. თავიდან იყოს არიდებული მომავალში მსგავს გარემოებებში დაკავება.10


საიას შეფასებით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ეტაპზევე ექცეოდა იმ საქმეთა კატეგორიაში, რომლებშიც მაღალია ვარაუდი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენების მიზანი პოლიტიკურად აქტიური პირების განეიტრალება იყო. საია მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია11 და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.



1 ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს, TV პირველის ვებგვერდი, 13.09.2025. ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/109706-levan-khabeishvils-brali-2-mukhlit-tsarudgines, [21.05.2026].

2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317.

3 სასამართლომ ხაბეიშვილის საქმეზე ქრთამის დაპირების მუხლი გადააკვალიფიცირა | მას 2.5 წელი მიესაჯა, პუბლიკას ვებგვერდი, 21.05.2026. ხელმისაწვდომია: https://publika.ge/sasamartlom-khabeishvilis-saqmeze-qrtamis-dapirebis-mukhli-gadaakvalificira-mas-2-5-weli-miesaja/?fbclid=IwY2xjawR7wRZleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEexv0Ezs9oWbaVUnIB0UBTCCYXMv_ttVeisdNXLUmV9bkbgq4CEprpzg-ByDg_aem_aO_WO7b3MPWgIRo_DnH8OQ [21.05.2026].

იხ. მაგ., Miailhe (no. 2) v. France, 26.09.1996, § 43; Imbrioscia v. Switzerland, 24.11.1993, § 38.

5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება. II-11.

6 იხ.: Mattoccia v. Italy, განაცხადი N23969/94, 25.07.2000; Can v. Austria, განაცხადი №9300/81, 30.09.1985, კომისიის ანგარიში, §53, ციტირებულია: ტრექსელი, შტეფან, ადამიანის უფლებების სისხლის სამართლის პროცესში, 2009 წ., გვ. 251, სქოლიო 1101; ასევე, ლ. მაღლაკელიძე, ბრალდების უცვლელობის პრინციპის გაგება ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ჟურნალში: გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი - www.dgstz.de, მესამე გამოცემა, 2017 წ., გვ. 75-79.

7 სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე. გვ. 54. ხელმისაწვდომია: https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/krebuli.pdf [21.05.2026].

8 ე.წ 11 პირიანი და 8 პირიანი საქმეები, მზია ამაღლობელის მიმდინარე სს საქმე და სხვა.

9 იხილეთ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/HUMAN%20RIGHTS%20SITUATION%20IN%20GEORGIA%202025.pdf [21.05.2026].

10 ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისი საქართველოში, მოსკოვის მექანიზმის მიგნებების მიმოხილვა, საია, 2026, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90.pdf . (განახლებულია: 13.05.2026).

11 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად კონკრეტული საქმეების შეფასებისას საია ეყრდნობა რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებს, ვრცლად, იხილეთ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/2024-2025%20wlebSi%20politikurad%20motivirebuli%20saqmeebi_geo.pdf, 12-18, [21.05.2026].

სხვა სიახლეები