GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 ივნისი, 202622:45

საია ეხმიანება 2026 წლის 13 ივნისს ტელეკომპანია “პირველის”  გადაცემაში  „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება/დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ სისასტიკეს პოლიციის თანამშრომლები თავად იღებდნენ და შიდა ჩათებში ავრცელებდნენ, ამასთან ირკვევა, რომ გავრცელებული კადრების გარდა არსებობს პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის სხვა კადრებიც.


გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა. ასეთი სისტემის მოქმედებებში მკაფიო ქცევის მოდელად ჩამოყალიბდა ძალადობრივი და დამამცირებელი ქმედებების ვიდეოგადაღება, რაც არაერთ შემთხვევაში თავად ძალადობის პროცესის თანმდევ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნული პრაქტიკა, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმ პირების დაშინებასა და შანტაჟს, რომელთა მიმართაც სხვადასხვა სახის ძალადობრივ და ღირსების შემლახავ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან მიუთითებს იმაზე, რომ მოძალადე პოლიციელებს სისტემის მხრიდან შესაძლოა ჰქონდეთ დაუსჯელობის გარანტიები. 


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატური და მასშტაბური იყო. ამას ადასტურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და საერთაშორისო მექანიზმების, მაგალითად CPT-ს ანგარიში.


საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის ღამის ჩათვლით და 6-7 დეკემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უკანონო დაშლისას, ასევე, 2025 წლის 2 თებერვალს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრების მხრიდან სავარაუდო წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარა თითქმის ყველა დაკავებული. ანგარიშის მიხედვით, ამ თარიღებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული 343 ადამიანიდან 242 (70.5%) იყო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ძალადობა სისტემური იყო ასევე 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მიმართ. 1


CPT-ს ანგარიში, ასევე,  ხაზს უსვამს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალადობის შესახებ მიღებული ინფორმაციის სიმრავლეს. კომიტეტის მიხედვით, გამოკითხული პირები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიკითხნენ და, შესაბამისად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან შეეთანხმებინათ თავიანთი ჩვენებები, მიუთითებდნენ პოლიციის ქცევის მკაფიო მოდელებზე. კომიტეტი ასევე ხაზს უსვამს, რომ მათ მიერ მიღებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაში იყო იმ დაზიანებებთან, რომლებიც უშუალოდ ნახეს და ასევე, დაზიანებებთან, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებს ჰქონდათ აღრიცხული. 2


საპოლიციო ძალადობა გრძელდებოდა 2025 წელსაც. სახალხო დამცველის მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში მოინახულეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი (26,7%). დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.” 3 ამ ძალადობის მაჩვენებლის კლება 2024 წელთან შედარებით დაკავშირებულია თავად აქციების მასშტაბურობის კლებასთან და არა რაიმე ტიპის სისტემურ ან სტრუქტურულ ცვლილებებთან. 


2025 და 2026 წელს საიამ სასამართლო მონიტორინგის განხორციელებისას, ასევე, დააიდენტიფიცირა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 17-მა პირმა.


ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა კადრებმა გორში პოლიციელების მხრიდან ორ პირზე ჯგუფური ძალადობის შესახებ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საპოლიციო ძალადობა არ არის ექსკლუზიურად გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკა.


ზემოთ ხსენებულ სიუჟეტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეცვალა, იმ პოლიციელს, რომელიც მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა არასრულწლოვანს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს  სხვა პოლიციელებიც ესწრებოდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია, პროკურატურამ მხოლოდ ერთ პირს წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.4 ამასთან, სიუჟეტში გაჟღერდა, რომ აღკვეთის ღონისძიების ცვლილება ეფუძნებოდა დაზარალებულის ნოტარიულ თანხმობას, თუმცა გაურკვეველია რა გახდა დაზარალებულის მხრიდან ამგვარი თანხმობის წარდგენის საფუძველი. 5 მით უფრო იმის ფონზე, რომ წარსულში დაზარალებულის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მას გარკვეული პირები მიუგზავნეს, იმ მიზნით, რომ გაურკვეველი სამართლებრივი პროცედურებით გაეხმო ბრალდებულის მიმართ არსებული პრეტენზია. საყურადღებოა, რომ საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის არაერთი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ უმრავლეს შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას აქვს ფორმალური ხასიათი და როგორც წესი პატიმრობა არ იცვლება.


მიუხედავად ძალადობის ასეთი მასშტაბურობისა, სახელმწიფო, ფასადური მართლმსაჯულების გარდა, არაფერ აკეთებს სისტემურ და სტრუქტურულ დონეზე საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლისთვის. 

საპოლიციო ძალადობის დაუსჯელობისა და წახალისების პრობლემა საქართველოში შემდეგ საკითხებს მოიცავს:


უშუალოდ, დამნაშვეთა და მათ ხელმძღვანელთა დაუსჯელობა  - 2024 წლის მასშტაბურ საპოლიციო ძალადობაზე დღემდე, მხოლოდ 5 ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული.6 ჯერ კიდევ არ მიცემულა პასუხისმგებლობაში არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელთაც საპოლიცოო ღონისძიებების დაგეგმვა და მათზე ზედამხედველობა ევალდებოდათ. 


დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაცია - როგორც წესი, საპოლიციო ძალადობის შემთხვევები, მათი სიმძიმის მიუხედავად, 333-ე მუხლად კვალიფიცირდება (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), მაშინ, როდესაც მათი რეალური კვალიფიკაცია 1441 და 1443. მუხლებს (წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) შეესაბამება. 333-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 2024 წლის სისტემურ წამებასთან დაკავშირებითაც. ამ სახის დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციაზე უკვე წლებია საუბრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ციცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ნაწილში. 7


გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლიბა - საპოლიციო ძალადობის გამოძიება მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. ამ მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კრიტიკისა, ქართულმა ოცნებამ გასულ წელს გააუქმა.8 მართალია, ეს უწყება არსებობის პერიოდშიც რეალური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი პრობლემებით ხასიათდებოდა, თუმცა მისი საერთოდ გაუქმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთნ დაკავშირებული ვალდებულებების უგულებელყოფას. 


ძალადობის პრევენციის ზომების არასებობა  - მინისტრთა კომიტეტი უკვე წლებია საქართველოს ასევე მოუწოდებს საპოლიციო ძალადობის პრევენციის ზომების დანერგვისკენ, მათ შორის, პოლიციელთათვის მოქალაქეებთან ინტერაქციის ვიდეო და აუდიოდოკუმენტირების ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებისკენ, ასევე, პოლიციელების საიდენტიფიკაციო ნიშნებით აღჭურვისკენ. 9 ამ ვალდებულებების უგულებელყოფით სახელმწიფო საპოლიციო ძალადობის დაუსჯელობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და ახალისებს მას. 


აშკარაა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა საპოლიციო ძალადობის პრევენციისა და დასჯისკენ მიმართული არ არის. მაშინ, როდესაც წლებია უგულვებელყოფილია მინისტრთა კომიტეტის ზემოთ ნახსენები რეკომენდაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის შექმნაზე. მაგალითად, 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში დაინიციირდა და დაჩქარებული წესით მიიღეს 304 კანონი, რომლებიც საპოლიციო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების შემოღების, სპეციალური საშუალებების გამოყენების მკაფიო რეგულირების ნაცვლად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას და ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა.


2026 წლოს 12 ივნისს, გადაცემის ანონსის გავცელების შემდგომ, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით: “საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი,  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 


აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.”


ამავე განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს მის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სდებს ბრალს, მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში თავად პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაერთი ფაქტი გავრცელდა. ამის საპასუხოდ, საპოლიციო ძალებში ძალადობის პრევენციისა და ამ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების შესახებ ძალოვან უწყებებს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და სრულყოფილი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება არ ცვლის საქართველოში საპოლოციო ძალადობის და ამ შემთხვევის სისტემურ ხასიათს.  ზემოთ განხილული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემების ფონზე,  ამ შემთხვევაშიც ღია რჩება მნიშვნელოვან შეკითხვები დამნაშავეთა პასუხისმგებლობასთან და დაზარალებულთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ:


  • რატომ დასჭირდა დამნაშავეთა გამოვლენას და სისხლისსამართლებრივ დევნას 3 წელზე მეტი?

  • რატომ ვერ ხედავს საქართველოს პროკურატურა მომხდარში წამება/დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

  • რეპორტაჟის მიხედვით, მოძალადე პოლიციელები ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებს ჯგუფურ ჩატებში აზიარებდნენ. რატომ არის დევნა დაწყებული მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ და რატომ არ დადგა ამ მიმოწერის წევრი სხვა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი?

  • იმუშავა თუ არა გამოძიებამ ხელმძღვანელი პირების სავარაუდო ბრალეულობის დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით? რატომ არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი და ინფორმირებულები იყვნენ თუ არა ისინი განხორციელებული ძალადობის და ჯგუფური ჩატის არსებობის შესახებ?

  • რა დახმარება გაეწიათ დაზარალებულებს. ხომ არ იქნა ასეთი მოპყრობით მოპოვებული ჩვენებები გამოყენებული მათ წინააღმდეგ?


საიას შეფასებით, სისტემური წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ სახელმწიფოს მიდგომები ასეთი ფაქტების ნორმალიზებისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისკენაა მიმართული. 


ასეთ ვითარებაში, ცალკეულ პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ ფასადურ ქმედებად შეიძლება შეფასდეს.



1  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 89, https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf

2  CPT Report on the visit to Georgia from 18 to 29 November 2024 and from 21 to 22 January 2025, CPT/Inf (2026) 06, პარ. 17, https://rm.coe.int/48802aab80

3  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 78 , https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf

4  საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, 13. 02.2026, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/saqartvelos-prokuraturam-samsakhurebrivi-uflebamosilebis-gadametebis-faqtze-shinagan-saqmeta-saministros-tanamshromeli-daakava-5433

 ექსკლუზივი: პატიმრობიდან გაათავისუფლეს პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლეს თითების დამტვრევით და მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა, 13.06.2026, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/129613-eqskluzivi-patimrobidan-gaatavisuples-politsieli-romelits-skolis-mostsavles?fbclid=IwY2xjawSabLJleHRuA2FlbQIxMABicmlkETExNmdGVlpiU2Vjbm5tb3RLc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHjOmNPqKKpU66QUjpURQgqxneJE-cuLNnH273dYmzqcILK2-sPVNjKntf_Y0_aem_Dh5G7TlOdGX-sS4mKphTfA

6 რადიო თავისუფლება, ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორი,07, 05 2026 https://www.radiotavisupleba.ge/a/33751983.html

7  1531st meeting (10-12 June 2025) (DH) - H46-18 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06), CM/Del/Dec(2025)1531/H46-18; 1553rd meeting (9-11 March 2026) (DH) - H46-18 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06), CM/Del/Dec(2026)1553/H46-18 

8  იქვე.

9  იქვე.



სხვა სიახლეები