სიახლეები

2026 წლის 9-11 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების პროგრესი (იხილეთ მინისტრთა კომიტეტის 2026 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება). ცინცაბაძის ჯგუფში გაერთიანებული საქმეები მომჩივნების სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არასათანადო მოპყრობას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას ეხება.1 ამ ჯგუფის საქმეების აღსრულება მიზნად ისახავს (ინდივიდუალურ ღონისძიებებთან ერთად) სისტემურად გაუმჯობესდეს ასეთ ფაქტებზე მართლმსაჯულების ხარისხი, რისთვისაც სახელმწიფოს რამდენიმე კონკრეტული ვალდებულება აქვს.
11 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას, მინისტრთა კომიტეტმა მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაგზავნილი ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოში სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის დამკვიდრებულ პრაქტიკას, არაეფექტიან გამოძიებას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და 2024 წლის პროტესტების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტოქსიკური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებას. ასევე, ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდ მტრულ გარემოს, რაც სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას - მხარი დაუჭირონ მსხვერპლებს და დაიცვან მათი უფლებები.2
(1) კრიტიკა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების თაობაზე
მინისტრთა კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა რამდენიმე კრიტიკული პრობლემა, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და მის გარშემო მიმდინარე ცვლილებებს, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანობა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო და კომიტეტი მიესალმებოდა ამ ინიციატივას. შარშან კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს არ გაეუქმებინა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პირიქით გაეძლიერებინა მისი დამოუკიდებლობა. ვინაიდან აღნიშნული არ შესრულდა, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს დეტალურად წარმოადგინოს ახსნა-განმარტება, თუ როგორ უზრუნველყოფს ამჟამინდელი ინსტიტუციური და ოპერატიული მექანიზმები პროკურატურის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციების შესრულებისას.
(2) აქციების კონტექსტში ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიების ვალდებულება
წამებისა და არასათანადო მოპყრობის დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა ეფექტიან გამოძიებაზე და ადეკვატური მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე. შესაბამისად, მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, კონვენციის შესაბამისად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება, მათ შორის, 2024-2025 წლების აქციების კონტექსტში.
ამასთანავე, კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს, წარადგინოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის ფარგლებში სახელმწიფო მოხელეების უფლებამოსილების შეჩერების პრაქტიკის შესახებ.
გარდა ამისა, კომიტეტის მოწოდებები ეხებოდა მსხვერპლთა უფლებებსა და მათ დაცვის მექანიზმებს. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტმა მტკიცედ მოუწოდა ხელისუფლებას, აღმოფხვრას მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ხარვეზები და უზრუნველყოს დაზარალებულთა შეუფერხებელი წვდომა საგამოძიებო მასალებზე. ასევე, მოითხოვა არასათანადო მოპყრობის დანაშაულის კლასიფიკაციის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფომ უნდა დანერგოს მყარი მექანიზმები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების ვალდებულება, სამხრე კამერების გამოყენება და მოქალაქეებთან ურთიერთობისას აუდიო-ვიდეო ჩანაწერების უზრუნველყოფის მკაფიო წესების შემოღება, ამ ჩანაწერების სათანადო შენახვის გარანტიებთან ერთად.
ასევე, სახელმწიფომ უნდა წარადგინოს სპეცოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების დოკუმენტირების პრაქტიკა და კონსოლიდირებული ყოველწლიური სტატისტიკა, შესაბამისი ანალიზით, რათა კომიტეტმა შეძლოს ამ გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მიღებული ზომების გავლენის შეფასება.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების განხილვა 2027 წლის მარტში განახლდება.
საია, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია, წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2018 წლიდან ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების, აღსრულების მონიტორინგის პროცესში. საია გააგრძელებს ამ საქმიანობას და საზოგადოებას დროდადრო განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
1 მინისტრთა კომიტეტი ამჟამად ცინცაბაძის ჯგუფის ფარგლებში ზედამხედველობს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ 20-ზე მეტ საქმეს, მათ შორის არის საიას წარმოებაში არსებული 6 საქმე: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.
2 საიას და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი კომუნიკაცია, 23.01.2026, https://hudoc.exec.coe.int/#{%22execidentifier%22:[%22DH-DD(2026)179E%22]} [18.03.2026].
გააზიარე: