სიახლეები
24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თერთმეტივე ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ამის საფუძველი, მოსამართლის განმარტებით, სხდომის გაჭიანურების თავიდან აცილება იყო. თერთმეტი ბრალდებულიდან ერთ-ერთის, ირაკლი ქერაშვილის, ადვოკატი არ იმყოფებოდა სხდომაზე, მან 1 თვით ადრე მოახდინა სასამართლოს ინფორმირება, რომ ამ კონკრეტულ დღეებში არ ჩაენიშნა სხდომა. მოსამართლემ პირველ ეტაპზე გაითვალისწინა ეს გარემოება, თუმცა მოგვიანებით უკვე გაწერილ განრიგში დაამატა სხდომები. ამის გამო თავად ბრალდებულმა - ირაკლი ქერაშვილმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი.
მოსამართლემ თერთმეტივე ბრალდებულთან მიმართებით დანიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი, მაშინ, როდესაც ერთი ბრალდებულის გარდა, ყველა სხვა ბრალდებულის ადვოკატი ესწრებოდა სხდომას და მათ განაცხადეს, რომ არ სურდათ მათ საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვა.
სავალდებულო დაცვის შემთხვევა კანონმა ისეთ შემთხვევებში განსაზღვრა, როდესაც ბრალდებული სხვადასხვა მიზეზით თავად ვერ შეძლებს დაცვის ჯეროვნად განხორციელებას, არ არის უნარიანი თავი თვითონ დაიცვას ან მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე განაპირობებს ბრალდებულის ეფექტიანი დაცვით უზრუნველყოფის აუცილებლობას. კერძოდ, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: ა) თუ არასრულწლოვანია; ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; კ) 1 თუ არაიდენტიფიცირებული პირია; კ1)თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი; ლ) სისხლის სამართლის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა კანონისმიერი საფუძვლები საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნისთვის. პრევენციულად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამასთან, მხედველობაში მისაღებია, ასევე, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის ნდობის ფაქტორი. ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ნდობას. 2 ბრალდებულთა სხდომაზე გაცხადებული პოზიციით, მათ ამ მიზნით ჰყავთ კერძო, შეთანხმებით მოწვეული, ადვოკატები. საქმის განხილვის ეტაპზე, არც ერთხელ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე ბრალდებული დამცველის გარეშე ყოფილიყო და ამ მიზეზით სასამართლოს ხელი შეშლოდა სხდომის ჩატარებაში. გაურკვეველია, რა საჭიროა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს ჰყავს 4 ან 5 დამცველი, დამატებით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა.
დაცვის მხარის განმარტებით, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, რომელსაც სასამართლო იძულებით უნიშნავს მათ, შესაძლოა დააზარალოს მათი ინტერესები, მოწმის მიმართ დასვას ისეთი კითხვა, რაც მათ პოზიციასთან თანხვედრაში არაა. გაუგებარია, როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული კანონისმიერი საფუძველი, რატომ უზღუდავს სასამართლო ბრალდებულებს კონკრეტული დამცველის მომსახურებით სარგებლობის უფლებას.
საიას შეფასებით, ასეთ ვითარებაში სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნა უსაფუძვლოა და ეს ბრალდებულის დაცვის უფლებაში სასამართლოს მხრიდან უხეში ჩარევაა.
ფოტო: პუბლიკა
1 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 45.
2 ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 3.
გააზიარე: