სიახლეები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ (01.10.2025) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, აქტივისტ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ხასაიას პროკურატურა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების (სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების) ჩადენას ედავება.
სხდომაზე პროკურორი აბსტრაქტულად აღნიშნავდა, რომ გელა ხასაიას მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები. თუმცა, იმავე სხდომაზე თავად პროკურორმა გააჟღერა, რომ გელა ხასაია ღამის საათებში, მომხდარიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თავის ფეხით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. ეს გარემოება ადასტურებს, რომ მიმალვის საფრთხესთან და გელა ხასაიას დაკავების გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით პროკურორის პოზიცია დაუსაბუთებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებულ წყაროში ჩანს ორ პოლიციელს როგორ შეჰყავს ხელბორკილ დადებული გელა ხასაია პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრისას, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი უთითებდა, რომ გელა ხასაია არაერთხელ არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ამის გათვალისწინებით არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და აქტივისტების დევნის ინსტრუმენტად, როგორ აქტიურად იყენებს პოლიცია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებს. ამას ადასტურებს ყოველდღიურად სასამართლოში ადმინისტრაციული სხდომების მიმდინარეობის სიმრავლეც. აღნიშნული კოორდინირებული მოქმედების ბოლო ინსტრუმენტი - სასამართლო, უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით, დაუსაბუთებლად მტკიცებულებათა დაბალი სტანდარტით ცნობს აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ამასთან მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ადმინისტრაციულ სახდელდადებულია, ვერ იქნება იმის სარწმუნო დასაბუთება, რომ მან შესაძლოა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მით უფრო, რომ სავარაუდო ფაქტიდან გასულია დაახლოებით ერთი თვე და თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში გელა ხასაიას მხრიდან რაიმე სახის შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით პროკურორს არაფერი აღუნიშნავს. არც იმაზე, რომ მანამდე გამოკითხულ, რომელიმე პირთან ზეგავლენის მოხდენის მიზნით ან/და უამისოდ რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა. ამის მიუხედავად, ნანა შამათავამ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.
საიას შეფასებით, გელა ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა არის დაუსაბუთებელი და ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტს. საია წლებია აკვირდება სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარადგენის სხდომებს,ორგანიზაცია საჯაროდ გამოქვეყნებულ არაერთ ანგარიშში1 უთითებდა აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლად გამოყენების მაჩვენებლებზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტივისტების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სხდომებზე დაკვირვებით, მანამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საიას წარმომადგენლები სისტემატიურად ესწრებიან აქტივისტების მიმართ მიმდინარე პირველი წარდგენის სხდომებს, რომლებზეც პროკურორების პოზიციები გარკვეულ შემთხვევაში იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ შესაძლოა სასამართლოს როგორც ინსტიტუტის უპატივცემულობადაც კი შეფასდეს. თუმცა, ამის მუხედავად, სასამართლო უაპელაციოდ ყველა ჯერზე აკმაყოფილებდა/აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გამოყენების თაობაზე და აბსტრაქტულ საფრთხეებზე აპელირებით არათანაზომიერად ზღუდავს პირთა თავისუფლების უფლებას. ამასთან ცალსახად დაუსაბუთებელი შუამდგომლობების დაკმაყოფილება, სანდოობის თვალსაზრისით, სასამართლოს რეპუტაციას კიდევ უფრო ლახავს და მოქალაქეებს უტოვებს სამართლის უზენაესობის არარსებობის განცდას და ახალისებს პროკურატურის დაუსაბუთებელ თვითნებობას.
გელა ხასაიას მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
საგანგაშოა გელა ხასაიას და მისი წარმომადგენლების მოთხრობილი ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე. კერძოდ:
სხდომის მიმდინარეობისას გელა ხასაიამ ისაუბრა პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა შემდეგი: - „[[წამიყვანეს განყოფილებაში, როგორც მივხვდი, გვიანი იყო, გზას კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ეს იყო მარჯანიშვილის ტერიტორია. უკანა მხრიდან შემიყვანეს. პირველად შემიყვანეს დიდ ოთახში, სადაც 20-მდე პოლიციელი იმყოფებოდა. არავინ არ მეუბნებოდა, რაზე ვიყავი მოყვანილი, ცდილობდნენ, მე მეთქვა რამე, თუმცა აზრზე არ ვიყავი, რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა, მივეყვანე იქ.
შემდეგ უკვე განყოფილებაშივე ერთხელ სხვა ოთახში გამჩხრიკეს. ამ გაჩხრეკაში იგულისხმება მთლიანად, ყველაფრის გახდა, მთლიანად გამაშიშვლეს...
მეგონა, რომ ამით მორჩა, თუმცა, დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ ისევ იგივე გააკეთეს, ოღონდ სხვა ოთახში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო დამცინავი კომენტარები, მზია ამაღლობელს ახსენებდნენ, თუმცა გაუგებარია, ჩემთან მიმართებაში რატომ შვებოდნენ ამას. გაუგებარი არა, გასაგებია, ღირსეულ ადამიანს მოიხსენიებენ ადამიანები, რომელთაც ღირსება არ აქვთ. ასევე მიხსენებდნენ ჩემს მეგობარს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის ტყვეა. მეუბნებოდნენ, რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო და მსგავსი კომენტარები ჰქონდათ. იყო ბევრი მუქარა იმაზე, რომ ახსნა-განმარტება უნდა გამეკეთებინა და მათთვის ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა. მე ვუმეორებდი, რომ ადვოკატის გარეშე არაფრის თქმა არ მსურდა“, – თქვა ხასაიამ“.]]2
აღნიშნულზე პროკურორმა განმარტა, რომ - [[„ახლა გაკეთებული განმარტებები ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას […] ბრალდების მხარე თვლის, რომ დაკავების პროცესში მის მიმართ რამე უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ბრალდებულს გამოკითხვის ოქმზე ხელი მოწერილი აქვს და მის სისწორესთან პრეტენზია არ ჰქონია. მისივე თქმით, ხასაია ჯერ გამოიკითხა, შემდეგ კი დააკავეს.]] 3
გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გამორიცხა ან რა მოტივაციით უგულვებელყო პროკურორმა, ზემოთ ხსენებული შესაძლო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. მით უფრო მაშინ, რომ ხასაიას მიერ გაჟღერებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის დანაშაულზე რეაგირების მოხდენის ვალდებულება იმავე უწყებას აქვს, რომელსაც პროკურორი წარმოადგენს და როგორც სახელმწიფო ბრალმდებელს ევალება რეაგირება მოახდინოს შესაძლო დანაშაულის შემცველ ყველა ინფორმაციაზე. ეს არსებითია განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრალდებული საუბრობს დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობასა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის, პირის უფლებების, თავისუფლებების დაცვასა და ღირსების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით4. დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენელი იჩენდეს იმგვარ არასენსიტიურ დამოკიდებულებას, რასაც გელა ხასაიას სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე დემონისტრირებდა პროკურორი. იგი ამტკიცებდა, რომ არ მომხდარა გელა ხასაიას გაშიშვლება, ადვოკატის კითხვაზე საიდან ჰქონდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, პასუხობდა, რომ აღნიშნულის მტკიცებულება არ არსებობს.
ცხადია, პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულს ვერ ექნება მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები, მეტიც მტკიცებულებების მოპოვება დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ საგამოძიებო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რა სახის მტკიცებულებების მოლოდინი ჰქონდა პროკურატურის წარმომდგენელს, რომელსაც იმ შესაძლო დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებაც კი არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეში, რასაც გელა ხასაიას ედავებიან. ადვოკატის განმარტებით, პერიმეტრზე არსებული კამერები გამოძიებამ ერთი თვის დაგვიანებით გამოითხოვა მაშინ, როცა ჩანაწერი უკვე წაშლილი იყო.5
აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ჩხრეკის პროცესში და შემდეგომში იზოლატორში პირთა სრულად გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და მისი მიზანია კონკრეტულ პირთა მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც, ასევე, შეიძლება გაუთანაბრდეს, არა მარტო, არასათანადო მოპყრობას, არამედ, ასევე მიაღწიოს დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის ზღვარს. პროტესტის კონტექსტში დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული ამგვარი მოქმედებები კი სახელმწიფოს კიდევ უფრო უზრდის მტკიცების ტვირთს ამ საქმეებში პოლიტიკური მდგენელის არსებობის საკითხზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა ზემოთ ხსენებული სხდომის დასკვნით ეტაპზე, ისე, რომ სხდომა დასრულებული არ იყო, და მოსამართლე ნანა შამათავა სხდომის დარბაზში იმყოფებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, მოსამართლის თანდასწრებით, ყოველგვარი გაფრთხილების ან/და მოწოდების გარეშე, გამიზნულად დაიწყეს დარბაზიდან დამსწრე პირების ძალადობრივად გაყვანა. მოსამართლის მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, საზოგადოება უკმაყოფილოდ შეხვდა, რაც დარბაზიდან სათითაოდ გასვლაში გამოიხატა. აღნიშნულმა ხშირმა გადაადგილებამ ხმაური გამოწივია, რასაც ასევე ერთჯერადად ბრალდებულის მიმართულებით გამამხნევებელი შეძახილი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ არც მოსამართლის და არც მანდატურის სამსახურის მოწოდება სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არ ყოფილა აღქმადი. პირველივე ქმედება განხორციელებული იყო აგრესიულად, ძალის გამოყენებით. მათი მხრიდან სასამართლოში მყოფი პირების მიმართ ძალადობა6 გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანსა და ეზოშიც. საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა წაართვეს ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით დაზიანებული დაუბრუნეს.7
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის, დავით მატიაშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა პუბლიკის“ რეპორტიორმა მინდია გაბაძემაც - „[[დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა - წიხლის ჩარტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი.]]“ 8
ბოლო დროს სასამართლოში აქტივისტების მიმართ მიმდინარე სასამართლო სხდომებს თან სდევს მანდატურის სამსახურის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი, არაპროპორციული, შეზღუდვები. რიგ შემთხვევებში კი ძალადობრივი9, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქცევა.
აღნიშნულმა კიდევ უფრო ბრუტალური ხასიათი მიიღო, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების, სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების და ტრანსლაციის აკრძალვის შემდეგ.
საყურადღებოა, რომ ხსენებული ცვლილებების შემდეგ ისედაც რთულ, ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ჟურნალისტებს სასამართლოს შესასვლელთან პროფესიული მოვალეობის შესრულება, ამას ემატება ის ძალადობრივი გარემოც, რასაც მათ შორის ჟურნალისტებსაც უქმნიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ცალკეული წარმომადგენლები.
დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მანდატურები აქტივისტებს ყოველგვარი ნორმატიული დასაბუთების გარეშე სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ. ამასთან ღიად დისკრიმინაციულია აქტივისტების მიმართ მიმდინარე სასამართლო სხდომების დაწყებამდე მანდატურის სამსახურის მიერ, დარბაზამდე მისასვლელი გზის გადაკეტვა, აღნიშნულს ადგილი აქვს მაშინაც კი, როცა დასწრების მსურველთა რაოდენობა არ საჭიროებს წესრიგის დასაცავად რაიმე ზომების მიღებას, მითუფრო ბარიერების აღმართვას.
გაუგებარია, საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირების მხრიდან გამოვლენილი მსგავსი ანგაჟირებული, დაუფარავი ზიზღი და აგრესია იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც ევალებათ სასამართლო შენობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოქალაქეების ძალადობრივად გამოძევების საჯაროდ გავრცელებული არაერთი ფაქტის მიუხედავად ჩვენთვის უცნობია რა ზომებს მიმართეს ამავე სასამართლოს საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა, ძალადობრივ ან/და არაეთიკურ ქცევაში შემჩნეული პირების მიმართ.
საგანგაშოა მსგავს შემთხვევებში პოლიციის მხრიდან გამოვლენილი სრული უმოქმედობა. 01 ოქტომბერს, ისევე როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა მიმართეს ადგილზე მყოფ პოლიციელებს, თუმცა მათი მხრიდან ადგილზე არანირი რეაგირება არ განხორციელებულა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პედაგოგი ნინო დათაშვილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით. ამის პარალელურად, საქართველოს პროკურატურა ერთ შემთხვევაშიც კი არ დაინტერესებულა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შესაძლო ძალადობის ან/და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილ შერჩევით დამოკიდებულებას.
საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან ზემოთ ხსენებულ შემთხვევებზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. უმოქმედომა კი ირიბად მათაც აქცევს შესაძლო დანაშაულების წამხალისებლებად და თანამონაწილეებად.
1 საია, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N 17 ანგარიში. გვ. 10, (განახლებულია:02.10. 2025).
2 პუბლიკას სტატია გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 01.10.2025. (განახლებულია:02.10.2025).
3 იქვე.
4 საქართველოს ორგანული კანონი, პროკურატურის შესახებ , მუხლი 5.
5 ტვ პირველის იუთუბ-გვერდი, გადაცემა ვიკა ბუკიას "პირველი ხაზი" ,01.10.2025 , (განახლებულია:02.10.2025).
6 ტელეკომპანია ფორმულას Facebook გვერდი, გელა ხასაიას პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატურებმა მოქალაქეებს სასამართლო შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 01.10.2025, ტვ. პირველის Facebok გვერდი,, დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში. 01.10.2025 , (განახლებულია:02.10.2025)
7 ტელეკომპანია ფორმულას Facebok გვერდი, „ფორმულას“ ჟურნალისტს მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა ტელეფონი წაართვა და უკან დამტვრეული დაუბრუნა, 01.10.2025 , (განახლებულია:02.10.2025).
9 რადიო თავისუფლების - სტატია - ლანძღვა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა, გაგდება - რატომ იქცევიან ასე სასამართლოს მანდატურები? 13.06.2025, (განახლებულია:02.10.2025).
გააზიარე: